ბარბაროსები

  ბუდიკა – ცნობილი კელტი დედოფალი


ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის პირველ ნახევარში ბრიტანეთის კუნძულის სამხრეთ ნაწილი რომის იმპერიამ დაიპყრო. ბრიტანო–კელტური ტომები იტანჯებოდნენ რომაული გადასახადებისა და სამხედრო ბეგარის გამო. ერთი–ერთი ტომის ლიდერმა დედოფალმა ბუდიკამ პროტესტი გამოთქვა ამ უსამართლობის წინააღმდეგ, რის გამოც იგი რომაელებმა გაამათრახეს, ხოლო მის ქალიშვილებს ნამუსი აჰხადეს. 60 წელს გაცოფებულმა ბუდიკამ თავისი ხალხი შეკრიბა, მეზობელი მოკავშირე ტომებიც შეიერთა და აჯანყება დაიწყო.

ბუდიკას ქანდაკება ლონდონში


რომაელებისთვის ეს აჯანყება ძალიან ცუდ დროს დაემთხვა. ბრიტანეთის რომაელი გამგებელი გაიუს სვეტონიუს პაულინუსი სხვა სამხედრო კამპანიით იყო დაკავებული და სწრაფად ვერ დაბრუნდებოდა აჯანყების ჩასაქრობად. აჯანყებულები ქალაქ კამულოდუნუმს (დღევანდელი ქოლჩესტერი) მიადგნენ, რომელიც რომაელთა ერთ–ერთი მთავარი პლაცდარმი იყო ბრიტანეთში. ქალაქის მაცხოვრებლებმა დახმარება ლონდინიუმის (ლონდონი) პროკურატორს ქატუს დეციანუსს სთხოვეს. ამ უკანასკნელმა სათანადოდ ვერ შეაფასა არსებული საფრთხე და კამულოდუნუმში მხოლოდ 200 კაციანი ცუდად შეიარაღებული რაზმი გაგზავნა, რომელიც, რა თქმა უნდა, განადგურდა. შემდეგ, სხვა რეგიონიდან 2 000 კაციანი IX ლეგიონი გამოემართა ქალაქის მისაშველებლად, მაგრამ ბუდიკას ხალხმა ისიც პირწმინდად გაანადგურა. ბრიტებმა მიწასთან გაასწორეს კამულოდუნუმი. მოსახლეობა ამოწყვიტეს, შენობები დაანგრიეს. მათი შემდეგი სამიზნე იყო ლონდინიუმი, რომელიც 43 წელს დააარსეს რომაელებმა.

ბუდიკას მეომრები კამულოდუნუმის მოსახლეობის წინააღმდეგ. პიტერ დენისის ნახატი


ამასობაში, პაულინუსის ყურამდეც მივიდა აჯანყების ამბავი. იგი სასწრაფოდ წამოვიდა თავისი ლაშქრით. იგი ჯერ კავალერიით მივიდა ლონდინიუმში და იფიქრა იქ დაუცდიდა ქვეით ჯარსაც, მაგრამ მალე გადაიფიქრა და ქალაქი ბრიტებს შეატოვა. თვითონ კი კავალერიით სხვაგან დაბანაკდა და იქ დაელოდა ლეგიონებს. ლონდინიუმსაც კამულოდუნუმის ბედი ეწია. ამის შემდეგ, აჯანყებული ბრიტები ჩრდილო–დასავლეთის მიმართულებით დაიძრნენ, სადაც პაულინუსი იდგა ლეგიონებით. ველი, სადაც რომაელები იდგნენ, გარშემორტყმული იყო ხშირი ტყით, სადაც არმია ვერ გაივლიდა, ხოლო შუაში ვიწრო გზა იყო. სწორედ აქ ჩააყენა პაულინუსმა თავისი ხალხი. მას ჰყავდა 11 000 ჯარისკაცი. დიონ კასიუსის თქმით, ბუდიკას 230 000 მეომარი ჰყავდა, რაც ძალიან საეჭვოა, მაგრამ კელტები მაინც ბევრად უფრო მეტნი იყვნენ რომაელებზე. თავდასხმაზე ჯერ კელტთა ეტლები გადავიდნენ და რომაელებს ისრები დაუშინეს, მაგრამ დიდი ზიანი ვერ მიაყენეს. შემდეგ კი, ბუდიკამ მთელი თავისი არმია მიუსია ლეგიონებს, რომლებიც ნიაღვარივით მიასკდნენ რომაელთა მეწინავე რიგებს და გაჩაღდა ცხარე ბრძოლა. რომაულმა დისციპლინამ და ტაქტიკამ მაინც თავისი გაიტანა და ნელ–ნელა უკან დაახევინა მტერს და შეტევაზე გადავიდა. კელტთა ბანაკში ქალები, ბავშვები და მოხუცები იყვნენ, რომლებიც ბუდიკას მეომართა ოჯახის წევრები იყვნენ და სეირის საყურებლად იყვნენ მისულნი. ბუდიკას არმია განადგურდა. რომაელებმა ასევე ქალები, ბავშვები და მოხუცებიც ამოხოცეს. თვითონ ბუდიკამ გაქცევა მოახერხა, რომელმაც, ტაციტუსის თქმით, თავი მოიკლა. დიონ კასიუსის აზრით, იგი ავად გახდა და გარდაიცვალა. ბრიტანეთი V საუკუნემდე დარჩა რომის პროვინციად.

კელტური ფარი




ბიბლიოგრაფია:

1. Dudley, Donald R; Webster, Graham (1962). The Rebellion of Boudica.

2. Fraser, Antonia (1988). The Warrior Queens. 

3. Taylor, John (1998). Tacitus and the Boudican Revolt.

4. Webster, Graham (1978). Boudica.

30 October 2020

 ტევტობურგის ტყის ბრძოლა 9 წ. – რომაულ–გერმანული ომი



ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისისთვის რომის რესპუბლიკა იმპერიამ ჩაანაცვლა, რომელსაც ოქტავიანე ავგუსტუსი მართავდა, იგი რომის პირველი იმპერატორი იყო. მან ბოლო მოუღო სამოქალაქო ომებს, რომლებიც იულიუს კეისრის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. დამყარდა სტაბილურობის, აყვავებისა და მშვიდობის პერიოდი, ცნობილი, როგორც Pax Romana - რომაული მშვიდობა.

ავგუსტუსის ქანდაკება


სწორედ ამ პერიოდისთვის ჩრდილოეთში გერმანულმა ტომებმა მსხვილი კავშირების შექმნა დაიწყეს. რომაელებსა და გერმანელებს შორის ბუნებრივი საზღვარი იყო გავლებული მდინარეთა რაინისა და დუნაის სახით. მიღმა კი სულ დაბურული ტყეები იყო, რომლებსაც რომაელები უფრთხოდნენ. ავგუსტუსმა ვითარების შეცვლა გადაწყვიტა. მისმა არმიამ რაინი გადალახა და რამდენიმე გერმანული ტომი დაიპყრო. რომაელებმა ხარკის სახით მძევლები წამოიყვანეს. ამათგან ერთ–ერთი იყო ხერუსკების ტომის ბელადის შვილი არმინიუსი. იგი სახმედრო სამსახურში შევიდა, ისწავლა ლათინური ენა და რომის მოქალაქეობაც მიიღო. 

7 წელს იმპერატორმა დაპყრობილი გერმანული პროვინციის მმართველად დანიშნა პუბლიუს კვინტილიუს ვარუსი. იგი გამოცდილი ადმინისტრატორი იყო, მაგრამ თანამედროვე ისტორიკოსების თქმით, არაკომპეტენტური ჯარისკაცი. ვარუსს გერმანიაში თან ახლდა არმინიუსი, რომელიც მის ერთგულ მრჩევლად იქცა. 

9 წლის დასაწყისი წარმატებული იყო რომაელებისთვის. ლეგიონები თავისუფლად მოძრაობდნენ პროვინციაში, პატრულირებდნენ, გაჰყავდათ გზები, ჰკრებდნენ გადასახადებს და ა.შ. თუმცა ზაფხულის დაწყებიდან ვარუსს ხმები მიუვიდა, რომ რომაელთა ზოგიერთი პატარ–პატარა რაზმი გერმანელებმა დახოცეს. ეს ყველაფერი ორკესტრირებული აღმოჩნდა არმინიუსის მიერ, რომელიც საკუთარი ხალხის მხარეს გადავიდა. იგი სხვა ტომებსაც დაუკავშირდა და გარშემო შემოიკრიბა აჯანყების დასაგეგმად.

არმინიუსის ქანდაკება გერმანიაში, რომელიც ჰერმანად არის ცნობილი


არმინიუსის გეგმა კინაღამ ჩაიშალა, როდესაც საიდუმლო მისმა სიმამრმა სეგესტესმა გასცა. არმინიუსის საბედნიეროდ, ვარუსმა არ დაიჯერა სეგესტესის ნათქვამი. გეგმა კი ასეთი იყო: არმინიუსი ვარუსს და მთელს მის არმიას გაუძღვებოდა ტევტობურგის ტყის გავლით ვითომდა აჯანყების ჩასაქრობად. ამ დროს გრძელ კოლონად ჩამწკრივებულ რომაულ ლეგიონებს ყოველი მხრიდან გერმანელები შემოესეოდნენ და ერთიანად გაჟლიტავდნენ. ასეც მოხდა.

შემოდგომა ტევტობურგის ტყეში


9 წლის სექტემბერს ტევტობურგის ტყეში მიმავალ ლეგიონებს ჩასაფრებულმა გერმანელებმა ჯერ ქვები, ისრები და შუბები დაუშინეს. შემდეგ ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდნენ და მალევე ისევ ტყეში გაუჩინარდნენ არმინიუსის ჩათვლით. რომაელებმა აღარ იცოდნენ რა ეღონათ. ამასობაში თავსხმა წვიმაც წამოვიდა და გზა აატალახა, რამაც კიდევ უფრო შეაფერხა რომაელთა წინსვლა. გზადაგზა გერმანელები თავს ესხმოდნენ ლეგიონერებს და ისევ ტყეში უჩინარდებოდნენ. ასე განმეორდა რამდენჯერმე, სანამ რომაული არმია მთლიანად არ ამოწყდა. ვარუსმა თავი მოიკლა თავის რამდენიმე სარდალთან ერთად. გადარჩენილები გერმანელებმა მხვერპლად შესწირეს თავიანთ ღვთაებებს. 

ტევტობურგის ტყე ნისლიან და წვიმიან დღეს


ეს მარცხი რომისთვის აბსოლუტური კრახი და ჰორორი იყო. გადმოცემის თანახმად, იმპერატორი ავგუსტუსი ისეთ შოკში იყო, რომ კედელს თავს ურტყამდა და ყვიროდა:"კვინტილიუს ვარუს, დამიბრუნე ჩემი ლეგიონები!". 

მომდევნო წლების განმავლობაში არმინიუსის გავლენა და ავტორიტეტი გერმანიაში კიდევ უფრო გაიზარდა. ტომთა ბელადებს ეშინოდათ მეფე არ გამხდარიყო, რის გამოც იგი მუხანათურად მოკლეს. ეს მოხდა 21 წელს. ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე ადამიანმა, რომელიც ბავშვობიდან უცხო კულტურას იყო ნაზიარევი, მაგრამ მაინც საკუთარი ხალხი არჩია, თავისუფლება დაუბრუნა მათ და ბოლოს მაინც მათი ხელით მოიკლა. 

არმინიუსი სერიალიდან "ბარბაროსები"




ბიბლიოგრაფია:
1. Günther Moosbauer, Die Varusschlacht. Beck'sche Reihe, Verlag C.H. Beck Wissen. München 2009.
2. Murdoch, Adrian (1 December 2012). Rome's Greatest Defeat: Massacre in the Teutoburg Forest. 
3. Powell, Lindsay (2014). Roman Soldier versus Germanic Warrior 1st Century AD. Oxford: Osprey.

10 April 2020



ძვ. წ. მე–7 საუკუნეში გალთა მრავალრიცხოვანმა კელტურმა ტომებმა, რომლებიც დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, ახალი მიწების ძიება დაიწყეს. გალებს იმ დროს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ დამყარებული ბერძნებთან და ეტრუსკებთან. დაახლოებით ძვ. წ. 600–იან წლებში გალმა მეფემ ბელოვესუსმა რამდენიმე ტომთან ერთად ჩრდ. იტალიაში ეტრუსკები დაამარცხა და რამდენიმე ქალაქი დააარსა, მათ შორის მედიოლანუმი ანუ დღევანდელი მილანი. შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში გალები ნელ–ნელა ცენტრალური იტალიისკენ მიიწევდნენ.

კელტურ ტომთა განსახლების არეალი ძვ. წ. 700–100 წწ. (ვარდისფერი)


ამასობაში, ძვ. წ. 509 წელს რომაელებმა ბრუტუსის მეთაურობით უკანასკნელი მეფე მოიშორეს და რესპუბლიკური მმართველობა დაამყარეს (ლათ. Res Publika — „ხალხის საქმე ). რომაელებმა ტერიტორიების გაფართოება დაიწყეს რომის გარშემო. ძვ. წ. 406 წელს მათ ომი გამოუცხადეს მეზობელ ეტრუსკულ ქალაქს ვეის. თავიდან ომი რომაელებისთვის წარუმატებლად მიდიოდა, თუმცა სიტუაცია მალე შეიცვალა, როდესაც  ძვ. წ. 401 წელს არმიას სათავეში ჩაუდგა ნიჭიერი სარდალი მარკუს ფურიუს კამილუსი. მან ჯერ ვეის მოკავშირე ქალაქები დაიპყრო და შემდეგ თვითონ ვეის შემოარტყა ალყა, რომელიც ხუთი წელი გაგრძელდა. ძვ. წ. 396 წელს რომაელებმა კამილუსი დიქტატორად დანიშნეს, რათა ომისთვის სწრაფად მოეღო ბოლო. კამილუსმაც შეძლო ვეის აღება და რომს დაუქვემდებარა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ომის გმირი იყო, კამილუსი ხალხში პოპულარობით არ სარგებლობდა. მან პლებეებს უფლება არ მისცა, ვეიში დასახლებულიყვნენ. ასევე ჯარისკაცების ნადავლის დიდი ნაწილიც ღმერთებს შესწირა. კამილუსს ყველა წოდება ჩამოართვეს და ქალაქიდან გააძევეს.

მარკუს ფურიუს კამილუსი


ძვ. წ. 400 წელს ჩრდილოეთით გალურმა ტომებმა სენონებმა მეფე ბრენუსის მეთაურობით იტალიის აღმოსავლეთ სანაპიროები დაიპყრეს. ძვ. წ. 391 წელს მათ ალყა შემოარტყეს ეტრუსკულ ქალაქს კლუსიუმს, რომელმაც დახმარება რომს სთხოვა. რომმა ელჩობა გაგზავნა ბრენუსთან და როცა ჰკითხეს თუ რას ერჩოდა კლუსიუმს, მან უპასუხა, რომ იგი იმავე მიზეზით ესხმოდა თავს ამ ქალაქს, რა მიზეზითაც რომაელები ესხმოდნენ თავს თავიანთ მეზობლებს. რომაელი ელჩები ამ პასუხით შეურაცხყოფილები დარჩნენ. ისინი ქალაქში შეიპარნენ და მოსახლეობა ბრძოლაზე დაიყოლიეს. კლუსიუმის მოსახლეობაც გამოვიდა სენონების წინააღმდეგ და ბრძოლა გაუმართა მათ. ერთ–ერთი რომაელი ელჩი კლუსიელებს შეუერთდა, როგორც ჯარისკაცი. ეს რომ ბრენუსმა დაინახა, სასტიკად განრისხდა იმის გამო, რომ რომაელებმა დიპლომატიის უძველესი კანონი დაარღვიეს. მან მაშინვე ალყა მოხსნა კლუსიუმს და პირდაპირ რომისკენ დაიძრა, ბრენუსმა ასევე მოთხოვნა გაუგზავნა რომაელებს, რათა თავიანთი ელჩები დაესაჯათ, მაგრამ უარი მიიღო.

რომაელებმა არმიის შეკრება დაიწყეს. ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინდელი რომაული ჯარი არ იყო პროფესიული, ამიტომაც, სავარაუდოდ, რეკრუტები გამოუცდელები იყვნენ. გარდა ამისა, ისინი ბერძნული ფალანგის სტილში იბრძოდნენ.

რომაელები მდინარე ალიასთან დაბანაკდნენ. მათი მწყობრი იმდენად გაწელილი იყო, რომ ცენტრი ძალიან სუსტი იყო. არც ფლანგებზე იყო სახარბიელო სიტუაცია. გალები მთელი ძალებით გადმოვიდნენ შეტევაზე და რომაელთა ცენტრი გაანადგურეს. ამით რომაელთა ჯარი ორად გაიხლიჩა და თითქმის მაშინვე აიშალა გასაქცევად. მრავალი რომაელი მდინარეში დაიხრჩო. ბრენუსმა ცოტა მეომარი დაკარგა და კვლავ რომისკენ დაიძრა. "მარადიული ქალაქი" პანიკამ მოიცვა. მოსახლეობის ნაწილი გაიქცა. ნაწილმა კი, სენატისა და სხვა დიდგვაროვნების ჩათვლით, კაპიტოლიუმის ბორცვს შეაფარა თავი, რომელიც რომის მთავარ ციტადელს წარმოადგენდა.


ბრენუსი


გალები დიდად გაოგნდნენ, როცა ქალაქის კარიბჭე დაუცველი დახვდათ. ბრენუსმა კაპიტოლიუმის იერიშით აღება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ეს რომ არ გამოვიდა, გალებმა ქალაქი გაძარცვეს და მოაოხრეს. ბრენუსმა არმიის ნაწილი კაპიტოლიუმთან საალყოდ დატოვა, ნაწილი კი რომის შემოგარენის გასაძარცვად გაუშვა. ერთ–ერთმა მძარცველმა რაზმმა ქალაქ არდეას ჩაუარა, სადაც რომიდან გაძევებული კამილუსი იმყოფებოდა. ნიჭიერმა სარდალმა არდეას მოსახლეობა აიყოლია, ღამით მძარცველ რაზმს თავს დაესხა და გაანადგურა. ამ ამბავმა ქალაქ ვეის მიაღწია, სადაც რომაელთა მცირე ძალები იმყოფებოდნენ. მათ მაშინვე სთხოვეს კამილუსს, რათა წინ გაძღოლოდა გალების წინააღმდეგ, მაგრამ მან უარი თქვა იმ მიზეზით, რომ იგი კაპიტოლიუმში გამოკეტილ სენატს უნდა აერჩია, რადგან სხვა შემთხვევაში მისი სარდლობა კანონიერი არ იქნებოდა თუკი მას სენატი არ დაამტკიცებდა. მისმა შიკრიკმა საიდუმლო ბილიკით შეაღწია კაპიტოლიუმში და სენატს კამილუსის წერილი გადასცა. მათაც სხვა რა დარჩენოდათ და კამილუსი დიქტატორად დანიშნეს. თუმცა, რომაელთა სამწუხაროდ, გალებმა საიდუმლო ბილიკის კვალს მიაკვლიეს შიკრიკის ნაფეხურებით და გადაწყვიტეს ღამით შეპარულიყვნენ. გალები ისე ჩუმად აძვრნენ გალავანზე, რომ რომაელებმა ვერაფერი გაიგეს. გადმოცემის თანახმად, იქ მყოფმა ბატებმა გაიგეს გალების ფათური და ყაყანი ატეხეს, რის შედეგადაც რომაელებმა მაშინვე იარაღს მოჰკიდეს ხელი და გალები უფსკრულში გადაყარეს. ალყა რამდენიმე თვე გაგრძელდა და ორივე მხარე მოიქანცა. შედეგად საზავო მოლაპარაკებას შეუდგნენ. რომაელები დაპირდნენ, რომ ხუთას კილოგრამ ოქროს გადაიხდიდნენ. ოქროს აწონვისას, როცა გალებმა ყალბი გირები მოიტანეს, რომაელებმა პრეტენზია გამოთქვეს და ახსნა მოითხოვეს. ბრენუსმა კი სასწორზე თავისი ხმალი დადო და თქვა "Vae Victis" - "ვაი დამარცხებულთ". თუმცა, სანამ რომაული დელეგაცია რამე პასუხს გასცემდა, ამ დროს ქალაქში კამილუსი შემოვიდა და რომაელებს ოქროს სასწორიდან აღება უბრძანა და დაამატა, რომ იგი რომს რკინით დაიცავდა და არა ოქროთი. ამან ბრენუსი აღაშფოთა, მაგრამ კამილუსმა უთხრა, რომ რადგანაც იგი დიქტატორი იყო, მხოლოდ მასთან შეიძლებოდა მოლაპარაკება. ამ სიტყვების შემდეგ სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა და კამილუსმა განდევნა მტერი ქალაქიდან. ამ გმირობის შემდეგ კამილუსს რომის მეორე დამაარსებელი უწოდეს. ამ მოვლენებმა რომაელები აიძულა, ძლიერი გალავანი შემოერტყათ ქალაქისთვის, რის შემდეგაც რომი აღარ დაცემულა შემდეგი 800 წლის განმავლობაში.




ბიბლიოგრაფია:

1. Livy. History of Rome. Chios Classics. 2015.
2. Cassius Dio. The Roman History. Harvard University Press, 1924.
3. Plutarch. Plutarch's lives; Life of Camillus. Modern Library, 1960.

26 March 2020



ევრაზიის სტეპებში გამოჩენამდე ჰუნთა ტომებზე ბევრი არაფერია ცნობილი. მე–4 საუკუნის 70–იან წლებში ისინი პირველად გამოჩნდნენ ევროპაში. მათ დაამარცხეს ალანები და გოთები, რომლებიც შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებზე ცხოვრობდნენ. სწორედ აქედან იწყება ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდი. ჰუნთაგან დაშინებული ტომები დასავლეთისკენ დაიძრნენ და რომის იმპერიის საზღვრებს მიაწყდნენ. 378 წელს ვესტგოთებმა ადრიანოპოლის ბრძოლაში აღმოსავლეთ რომის იმპერიის არმია გაანადგურეს და იმპერატორიც კი მოკლეს, ხოლო ვანდალთა გერმანულმა ტომებმა ჯერ გალიის პროვინცია დაარბიეს და შემდეგ ესპანეთის ნაწილი დაიპყრეს.

IV-V საუკუნის რომაელი ჯარისკაცი


410 წელს ვესტგოთების მეფემ ალარიხმა ქალაქი რომიც კი აიღო და გადაწვა, რის შემდეგაც ვესტგოთები სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ და პატარა სამეფო დაარსეს, რომლის დედაქალაქი ტულუზი იყო.

ამასობაში ჰუნებმა დაიმორჩილეს გეპიდები, ალემანები, ოსტგოთები და სხვა პატარა გერმანული თუ სლავური ტომები. 395–399 წლებში ჰუნებმა დალაშქრეს და დაარბიეს აღმოსავლეთ რომის იმპერია და სასანიანთა სპარსეთი. რადგანაც ჰუნებთან იმ დროს ცენტრალური ხელისუფლება არ არსებობდა, ისინი ხშირად მოქირავნეებადაც იბრძოდნენ რომაელებისთვის და გოთებისთვის, მაგრამ ჰუნთა ძირითადი ნაწილი გამუდმებით არბევდა რომაულ ტერიტორიებს და 422 წელს აღმოსავლეთ იმპერია იძულებულიც კი გახდა, ხარკი ეძლია მათთვის. დასავლეთ იმპერიასაც ბევრი პრობლემა ჰქონდა: ბარბაროსთა გამუდმებული შემოსევები, ძარცვა, რბევა, სამოქალაქო ომები და აჯანყებები. ამ დროს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა  პიროვნება, სახელად ფლავიუს აეტიუსი, წარმოშობით სავარაუდოდ გოთი. იგი ისტორიაში შევიდა, როგორც "უკანასკნელი ჭეშმარიტი რომაელი". მან ბავშვობა მძევლობაში გაატარა ხან გოთებთან და ხან ჰუნებთან. ამიტომაც მან ბევრი რამ ისწავლა მათ კულტურაზე, საომარ ხელოვნებაზე და ა.შ.
423 წელს მან ჰუნი მოქირავნეების დახმარებით წესრიგი აღადგინა გალიის პროვინციის უმეტეს ნაწილში.


ჰუნი მეომრები


ამასობაში, აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. 433 წელს ჰუნთა პირველი ერთპიროვნული მმართველი რუა გარდაიცვალა და მისი მემკვიდრეობა დარჩა მის ორ ძმისშვილს – ბლედასა და ატილას. ძმებმა აღმოსავლეთ იმპერიას ახალი ხარკი დააკისრეს.

439 წელს ვანდალებმა დასავლეთ იმპერიას კართაგენი წაართვეს ჩრდ. აფრიკაში. ეს დიდი დარტყმა იყო რომისთვის, რადგანაც მარცვლეულს სწორედ აქედან იღებდა. აღმ. იმპერიამ დახმარება სცადა და სამხედრო ექსპედიცია გაგზავნა აფრიკაში კართაგენის დასაბრუნებლად. ამით ისარგებლეს სასანიანებმა და შეტევაზე გადმოვიდნენ. ჰუნებსაც მობეზრდათ მშვიდობა და 441–443 წლებში ბალკანეთი დაარბიეს. ატილამ ესეც არ იკმარა და თვით კონსტანტინოპოლს შემოარტყა ალყა. იმპერატორი თეოდოსიუსი იძულებული გახდა ყოველწლიური ხარკი გაეზარდა ჰუნებისთვის. 445 წელს ბლედა გარდაიცვალა, სავარაუდოდ ატილამ მოკლა, რომელიც ჰუნთა ერთპიროვნული მმართველი გახდა. 447 წელს ატილა კვლავ შეიჭრა აღმოსავლეთ იმპერიაში და რომაელთა ჯარი გაანადგურა. იმპერატორი კვლავ იძულებული გახდა ზავი ეთხოვა, რომლის თანახმად მდინარე დუნაის რეგიონი ბუფერულ ზონად გამოცხადდა.

ევროპა და ახლო აღმოსავლეთი 450 წელს


მალე ურთიერთობა დაიძაბა ატილასა და აეტიუსს შორის. სხვადასხვა წყარო სხვადასხვა მიზეზს ასახელებს. ატილამ ჰუნებს მოქირავნეობა აუკრძალა, რამაც დაასუსტა აეტიუსი. ამავე დროს ვანდალებმა ჰუნები მოიწვიეს გოთების წინააღმდეგ გალიაში. დასავლეთ რომის იმპერატორის დამ ჰონორიამ ატილას ცოლობა შესთავაზა და სანაცვლოდ ნახევარ იმპერიას მზითვად ჩააბარებდა. ატილამ მომგებიანად ჩათვალა დასავლეთ იმპერიაზე გალაშქრება და 451 წელს უზარზარი ურდოებით დაიძრა გალიისკენ. მას თან ახლდნენ ოსტგოთები, ალემანები და სხვები. აეტიუსმა კავშირი შეკრა ვესტგოთების მეფესთან თეოდორიხთან, ბურგუნდებთან და ფრანკებთან. ატილა მიწასთან ასწორებდა ყველაფერს, სადაც გაივლიდა. ასე მიაღწია მან დასავლეთ ევროპას. აეტიუსიც მივიდა არმიით, სადაც ატილა იყო დაბანაკებული. კატალაუნის ველის ზუსტი ადგილმდებარეობა დღემდე დაუდგენელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ქალაქ შალონთან მდებარეობდა. ორივე მხარეს დაახლოებით 40 000–მდე მეომარი ჰყავდა. ატილას ლაშქარი ძირითადად ცხენოსნებისგან შედგებოდა, ხოლო აეტიუსის – ქვეითებისგან. ბრძოლა მცირე რაზმების შეტაკებებით დაიწყო. აეტიუსის ვესტგოთი მოკავშირე მეფე თეოდორიხი მარჯვენა ფლანგზე იდგა თავისი ხალხით, რათა ჰუნებისთვის ფლანგიდან შემოვლის საშუალება არ მიეცა. შუაში ალანი მხედრები ჩადგნენ, ხოლო მარჯვნივ რომაელები, საქსები და ფრანკები. ატილა თავისი მხედრობით შუაში იდგა, მარცხნივ ოსტგოთები ჩადგნენ ვალამირის მეთაურობით, ხოლო მარჯვნივ ატილამ ფრანკები და გეპიდები ჩააყენა.

კატალაუნის ბრძოლა


სიტყვით გამოსვლის შემდეგ ატილა თავისი მხედრებით ალანთა ცენტრს მიაწყდა ისრების სროლით და გაანადგურა. შემდეგ, როგორც ჰუნთა ტაკტიკას სჩვეოდა, გაიშალნენ მთლიან ფრონტზე და ისრების სეტყვა დააყარეს ვესტგოთებსა და რომაელებს, მაგრამ ამათ ფარების კედლები ჰქონდათ აღმართული და მსხვერპლი დიდი არ ყოფილა. რომაელთა და ვესტგოთთა მეორე ხაზზე მდგარმა მეისრეებმა საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს ჰუნთა მსუბუქად აღჭურვილ მხედრებს. ამის შემდეგ ატილას ლაშქარი ერთიანად დაიძრა და ეკვეთა მტრის მეწინავე რაზმებს. ოსტგოთები თავიანთ თანამოძმე ვესტგოთებს დაეტაკნენ, ხოლო გეპიდები – რომაელებს. ატილამ ჰუნთა მხედრობით ვესტგოთებს გვერდიდან შემოუარა და დიდად შეავიწროვა. ამ დროს დაიღუპა მეფე თეოდორიხი. აეტიუსმა მარჯვენა ფლანგს სასწრაფოდ მიაშველა თავისი მხედრები და ცოტა ხნით შეაყოვნა ატილას იერიშები. ამ დროს თეოდორიხის შვილმა თორისმუნდმა ატილას ლაშქარს მარხცენა ფლანგიდან შეუტია და მრავალი მეომარი დაუხოცა, რის გამოც ატილამ უკანდახევა ბრძანა და ბანაკში დაბრუნდა. ბრძოლა შეწყდა. ზუსტად არავინ იცის აეტიუსი რატომ აღარ დაედევნა. ზოგი წყარო იუწყება, რომ ფრანკებსა და ვესტგოთებს აღარ სურდათ ბრძოლის გაგრძელება. ზოგიც ამბობს, რომ თვითონ აეტიუსმა გადაწყვიტა ასე, რადგან ჰუნების განადგურებით მტრის ხატი გაქრებოდა და გერმანელები ისევ რომს გადაეკიდებოდნენ მტრად.

ატილას ბიუსტი უნგრეთში


452 წელს ატილა კვლავ შემოიჭრა იმპერიის საზღვრებში. ამჯერად იგი ჩრდილოეთ იტალიაში შევიდა და მიწასთან გაასწორა იქაურობა, მაგრამ როცა მასთან მოსალაპარაკებლად რომის პაპი ლეო მივიდა, ატილა უკან გაბრუნდა. არავინ იცის თუ რა უთხრა ლეომ ატილას. ეს დღემდე გამოცანად რჩება.

453 წელს ატილა საკუთარ საქორწინო ღამეს სისხლის ღებინების შედეგად გარდაიცვალა. კაცი, რომელიც მთელს ევროპას სისხლში ახრჩობდა, საკუთარ სისხლში ჩაიხრჩო. ერთი წლის შემდეგ მისი შვილები გეპიდებმა დაამარცხეს და ჰუნთა იმპერია აღიგავა პირისაგან მიწისა. იმავე წელს იმპერატორმა ვალენტინიანმა აეტიუსი მოკლა, ხოლო 455 წელს იგი აეტიუსის ერთგული პირადი მცველების მიერ იქნა მოკლული. ოცი წლის შემდეგ, 476 წელს რომი საბოლოოდ დაეცა და დასავლეთ იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.

ევროპა 476 წელს




ბიბლიოგრაფია:

1. Man, John. "Attila, The Barbarian King Who Challenged Rome". New York. Thomas Dunne Books. 2006.
2. MacDowall, Simon. "Catalaunian Fields AD 451, Rome's Last Great Battle". Oxford: Osprey Publishing Ltd. 2015.

13 March 2020

ომი კიმბრებთან (ძვ. წ. 113–101 წწ.): რომაელთა პირველი კონფლიქტი გერმანულ ტომებთან


ყველამ ვიცით რომის სახელმწიფოს რამდენი მტერი ჰყოლია თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, მაგრამ არავინ არ ყოფილა მისთვის ისეთი საშიში, როგორც გერმანული წარმოშობის ხალხები და არც ერთ სხვა ეთნიკურ ჯგუფს არ უბრძოლია რომთან ამდენი ხნის განმავლობაში. რომაელთა და გერმანელთა პირველივე შეხვედრები მტრულად დაიწყო.

ძვ. წ. მე–2 საუკუნის შუა წლებში რომის რესპუბლიკა უკვე ხმელთაშუა ზღვის უმეტეს ნაწილს აკონტროლებდა. ზოგს უშუალოდ, ხოლო ზოგსაც მოკავშირეებისა თუ ვასალების საშუალებით. რომმა მრავალი ძლიერი მტერი დაძლია, როგორებიც იყვნენ სელევკიდები, მაკედონელები და ბერძენთა ლიგა. შედეგად რომაელებმა საბერძნეთი დაიპყრეს. დასავლეთ ევროპაში "მგლის შვილებმა" რამდენიმე გალური ტომი დაამარცხეს და დააარსეს პროვინცია სახელად გალია ნარბონენსისი, თუმცა ახალი მტრები უკვე მოემართებოდნენ რომისკენ. როგორც ჩანს ძვ. წ. 120–115 წლებში იუტლანდიის ნახევარკუნძულზე (დღევანდელი დანია) რაღაც კატასტროფა დატრიალდა. ეს უნდა ყოფილიყო წყალდიდობა ან გამყინვარება, რის გამოც იქ ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ასეა თუ ისე, პროტო–გერმანულმა ტომებმა კიმბრებმა დატოვეს ეს ტერიტორია და სამხრეთის მიმართულებით დაიძრნენ.


კიმბრების მიგრაცია

გზაში მათ შეუერთდნენ გერმანული ტომები ტევტონები. ძვ. წ. 113 წელს კიმბრები და ტევტონები შევიდნენ ნორიკუმში ალპების ჩრდილოეთით. ეს რეგიონი რომის მოკავშირე იყო და დახმარებისთვის მას მიმართეს. ამ პერიოდში რომაულ საზოგადოებაში იმ კრიზისის ნიშნები გამოჩნდა, რომელმაც რესპუბლიკის დამხობა გამოიწვია მომდევნო საუკუნეში: მრავალმა დაპყრობითმა ომმა რომის ელიტა ძალიან გაამდიდრა, ხოლო ღარიბი მოსახლეობა კიდევ უფრო გაღატაკდა და მიწები დაკარგა. უმიწაწყლო გლეხს უფლება არ ჰქონდა ლეგიონერი გამხდარიყო. ეს ყველაფერი ძალიან უარყოფითად მოქმედებდა რომაული ჯარის მორალზე, რაოდენობაზე და ა.შ.
რომაელი კონსული გნეუს პაპირიუს კარბო ლეგიონებით გაეშურა ჩრდილოეთისკენ, რათა ალპებთან იტალიაში შემოსასვლელი გზები ჩაეკეტა. კიმბრებმა ელჩები გაუგზავნეს კარბოს და დაპირდნენ, რომ რომაელთა მოკავშირეებს აღარ დაესხმებოდნენ თავს. კონსული დათანხმდა, მაგრამ ამავე დროს მზაკვრულად ხაფანგი დაუგო. ბარბაროსებმა გაიგეს ამის შესახებ და ძვირად აზღვევინეს რომაელებს. კარბომ უამრავი ლეგიონერი დაკარგა. თუმცა ამ გამარჯვებით არ უსარგებლიათ კიმბრებსა და მათ მოკავშირეებს და რომისკენ არ წამოსულან. ისინი დასავლეთით დაიძრნენ, სადაც კელტური ტომებიც შეუერთდნენ და გალიაში (დღევანდელი საფრანგეთი) შეიჭრნენ. გალებმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს მრისხანე მტერს. გერმანელები ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს.

რომის რესპუბლიკის არმია

ბარბაროსები რომაელებისგან კი შორს იყვნენ, მაგრამ რომს სხვა პრობლემები გაუჩნდა. ძვ. წ. 112–106 წლებში მას ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ნუმიდიის სამეფოსთან ჰქონდა ომი. აქ კარგად გამოჩნდა მაშინდელი რომაული საზოგადოების პრობლემები: ნუმიდიის მეფე იუგურტა ადვილად ქრთამავდა რომაელ სამხედრო თუ სამოქალაქო პირებს. ამის შედეგად რომის არმია ისეთი დეზორგანიზებული გახდა, რომ ერთი გამარჯვებაც ვერ მოიპოვა ბევრად უფრო სუსტი მტრის წინააღმდეგ. ძვ. წ. 109 წელს კიმბრები და მათი მოკავშირეები შევიდნენ რომაულ პროვინციაში გალია ნარბონენსისში. რომის კონსულმა მარკუს იუნიუს სილანუსმა მოლაპარაკება სცადა მათთან. ბარბაროსები მიწებს ითხოვდნენ დასასახლებლად, სამაგიეროდ რომაული საზღვრების დაცვას პირდებოდნენ. სილანუსმა უარი თქვა ასეთ პირობაზე და ომი განახლდა. ბრძოლაში რომაელები კვლავ სასტიკად დამარცხდნენ. ორი წლის შემდეგ ბარბაროსებმა ახალშეკრებილი რომაული არმია კიდევ ერთხელ გაანადგურეს. რომაელებს უკვე კარგად ესმოდათ თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენდნენ კიმბრები. სენატმა უზარმაზარი ჯარი შეკრიბა და მტრის შესაჩერებლად გაგზავნა. რომის იმდროინდელი ყველაზე ნიჭიერი სარდალი გაიუს მარიუსი (იულიუს კეისრის ბიძა) იმ დროს აფრიკაში იბრძოდა ნუმიდიელებთან. ამიტომ სენატმა ამ ჯარის სარდლად დანიშნა მდაბიო წარმოშობის გნეუს მალიუს მაქსიმუსი, ხოლო კვინტუს სერვილიუს კაპიო, რომელიც პატრიციული წარმოშობის იყო, – მის მოადგილედ. ამის გამო კაპიო ძალიან უკმაყოფილო იყო.

კიმბრები

ძვ. წ. 105 წელს მალიუსმა ლაშქარი მიიყვანა პროვინცია გალია ნარბონენსისში, სადაც კიმბრები იყვნენ თავიანთ მოკავშირეებთან ერთად ქალაქ არაუსიოს მახლობლად.
მალიუსის ამპარტავანი მოადგილე კაპიო მთავარსარდლის ბრძანებებს არ ასრულებდა და თვითნებურად მოქმედებდა. კიმბრთა მეფემ ბოიორიქსმა მოლაპარაკება სცადა მალიუსთან და უფლება ითხოვა, რომ ესპანეთში წასულიყო თავის ტომთან ერთად, მაგრამ ყველაფერი ისევ კაპიომ გააფუჭა. იგი თავისი რაზმით კიმბრთა ბანაკს დაესხა თავს. რა თქმა უნდა, ბაქია სარდალი ადვილად დაამარცხეს და მოკლეს კიდეც. მალიუსი კონტრშეტევისთვის არ იყო მზად და უმწეოდ შეხვდა ნიაღვრად მოვარდნილ მტერს. რომაელები ალყაში მოექცნენ და სრულიად განადგურდნენ. გადმოცემის თანახმად 80 000 ლეგიონერი დაიღუპა. ასეთი მწარე დამარცხება რომაელებს არ განუცდიათ მას შემდეგ, რაც საუკუნით ადრე ჰანიბალმა გაანადგურა ისინი კანეს ბრძოლაში. უცნაურია, მაგრამ ეს გამარჯვება არ გამოიყენეს ბარბაროსებმა და რომისკენ არ დაძრულან. ისინი ესპანეთში გადავიდნენ და მიწასთან გაასწორეს იქაურობა. რომაელებს კიდევ მიეცათ შანსი, რომ ამოესუნთქათ და უკეთ მომზადებულიყვნენ მტრის გარდაუვალი შემოსევებისთვის.

ძვ. წ. 106 წელს გაიუს მარიუსმა წარმატებით დაასრულა ომი იუგურტასთან ნუმიდიაში და ორი წლის შემდეგ მეორედ აირჩიეს კონსულად. მან სამხედრო რეფორმა ჩაატარა, რის შედეგად ღატაკებსაც უფლება მიეცათ ლეგიონერები გამხდარიყვნენ. არმია პროფესიონალური გახდა და მთავრობა ხელფასს უხდიდა ჯარისკაცებს. ასევე, კარგი სამსახურისთვის მათ მიწებსაც პირდებოდნენ. ახლა უკვე ლეგიონერები თავიანთ ბარგსაც თვითონ ატარებდნენ, რამაც გაზარდა არმიის მობილურობა და ჯარისკაცთა გამძლეობა. გაუმჯობესდა ასევე იარაღი და სხვა აღჭურვილობებიც. ასე შეიქმნა უძლიერესი რომაული არმია ისტორიაში, "კლასიკური ლეგიონები", რომლებსაც ხშირად ვხედავთ ხოლმე მხატვრულ ფილმებში.



რომაელი ლეგიონერები მარიუსის რეფორმამდე და შემდგომ


ამასობაში, ძვ. წ. 102 წელს კიმბრები და მათი მოკავშირეები იტალიისკენ მობრუნდნენ. მათი არმია ორად გაიყო. ტევტონები მათი მეფის ტევტობუდის მეთაურობით დასავლეთ იტალიისკენ დაიძრნენ, ხოლო კიმბრები ჩრდილო–აღმოსავლეთ იტალიისკენ წავიდნენ. მარიუსი ტევტონებს ელოდებოდა კარგად გამაგრებულ ბანაკში. გერმანელებმა რამდენჯერმე სცადეს რომაელთა ბანაკის აღება, მაგრამ ყველა მცდელობა მარცხით დამთავრდა და მრავალი ათასი მეომარი დაკარგეს. ამან კიდევ უფრო გაამხნევა ლეგიონერები. მარიუსი ლეგიონებით ბანაკიდან გამოვიდა და ტევტონთა პროვოცირება სცადა. იგი კავალერიით თავს დაესხა გერმანელთა მეწინავე რაზმებს და მაშინვე უკან დაიხია. ბარბაროსები ანკესს წამოეგნენ და მთელი ძალებით გამოედევნენ მარიუსს. ლეგიონებმა შუბების სეტყვა შეაგებეს და ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდნენ. ბრძოლა რომაელთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. ტევტონები თითქმის მთლიანად გაწყდნენ. ვინც გადარჩა, მონებად იქცნენ. თუმცა ომი ამით ჯერ არ დამთავრებულა. კიმბრები ჯერ კიდევ მთავარ საფრთხეს წარმოადგენდნენ. რომაელთა მეორე არმია, რომლებსაც კიმბრები უნდა შეეკავებინა ალპების გადმოსასვლელთან, დამარცხდა და უკან დაიხია, მაგრამ კიმბრები ესპანეთიდან ხანგრძლივი მგზავრობის გამო დაქანცულები იყვნენ და აღარ გადმოსულან შეტევაზე. მარიუსმა ისარგებლა ამით და იტალიაში დაბრუნდა. იგი კიდევ ერთხელ აირჩიეს კონსულად. ძვ. წ. 101 წლის გაზაფხულს მარიუსი კიმბრების წინააღმდეგ დაიძრა. მარიუსს დაახლოებით 50 000 ლეგიონერი ჰყავდა, ხოლო კიმბრებს – 80 000–მდე მეომარი. სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა. რომაელებმა ბარბაროსების ალყაში მოქცევა მოახერხეს და პირწმინდად გაანადგურეს. ასე დასრულდა ხანგრძლივი ომი კიმბრებთან. რომაელებმა ეს დიდი საფრთხე წარმატებით მოიშორეს, მაგრამ რომაულ საზოგადოებაში ისეთი ბზარები წარმოიშვა, რამაც ქვეყანა სამოქალაქო ომებამდე მიიყვანა და საბოლოოდ რესპუბლიკა იმპერიად აქცია.

გაიუს მარიუსი

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ჯვაროსნები

ვიკინგები

ისლამური სამყარო