შუა საუკუნეები

  ვარიაგები – ბიზანტიელ იმპერატორთა ელიტური მეომრები


ვიკინგები ზოგადად ცნობილები არიან, როგორც მეკობრეები და მძარცველები. მათ დიდი კვალი დატოვეს არა მხოლოდ მშობლიურ სკანდინავიაში, არამედ რუსეთში, საფრანგეთსა და ბრიტანეთის კუნძულებზე. არსებობს ვიკინგური მემკვიდრეობის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ბევრი არ იცნობს: ეს იყო ბიზანტიელ იმპერატორთა პირადი დაცვა, რომელიც ძირითადად ვიკინგებისგან შედგებოდა (X - XIV სს.). ისინი მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში იყვნენ ცნობილნი, როგორც ერთგული, მრისხანე და მამაცი მეომრები. სახელი "ვარიაგი" მათ ბერძნებმა და სლავებმა შეარქვეს. 

ისინი ყოველთვის იმპერატორის გვერდით იყვნენ და მუდმივად იცავდნენ მას. ვარიაგები სამხედრო კამპანიებშიც იღებდნენ მონაწილეობას. როგორც კი იმპერატორი მათ ფულს გადაუხდიდა, მათი ერთგულება გარანტირებული იყო. ამის მაგალითია 1176 წელი, როდესაც იმპერატორი მანუელ კომნენოსი სასტიკად დამარცხდა თურქ–სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი არმია მთლიანად გაწყდა, ხოლო თვითონ მანუელი ვარიაგებმა გადაარჩინეს, რომლებმაც უკანასკნელ სისხლის წვეთამდე იბრძოლეს. 

ვარიაგი. ტომ კროფტის ნახატი


როგორ აღმოჩნდნენ ვიკინგი მეომრები ბიზანტიელ იმპერატორთა სამსახურში? ამისთვის კიდევ უფრო წარსულში უნდა გადავინაცვლოთ.

VIII – IX საუკუნეებში მკაცრი კლიმატის გამო სკანდინავიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ხომალდებში ჩასხდა და მდიდარი მიწების ძიება დაიწყო. დანიელები ინგლისისკენ გაემართნენ, შვედები კი – აღმოსავლეთით, სლავთა მიწებისკენ. 862 წელს ვიკინგმა ბელადმა რიურიკმა სლავთა მიწაზე ქალაქი დააარსა, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც ნოვგოროდი. მან რიურიკიდების იგივე რიურიკოვიჩების დინასტია დააარსა (მისი შთამომავალი იყო ცნობილი ივანე მრისხანე), რომლებიც კიევის რუსეთს მართავდნენ. სკანდინავიიდან აქ ბევრი მიგრანტი შემოდიოდა, ზოგიც კი სამხრეთით, ბიზანტიისკენ მიიწევდა. ისინი მოხიბლულები იყვნენ კონსტანტინოპოლის სიმდიდრითა და ბრწინვალებით, და დაარქვეს "მიკლაგარდი" ანუ "დიდებული ქალაქი". 

კიევის რუსეთი


988 წელს კიევის რუსეთი საკმაოდ მოძლიერდა ვლადიმირ I-ის დროს. ამ დროს ბიზანტიაში სამოქალაქო ომი იყო. მეომბოხე სარდალი ბარდა ფოკა იმპერატორ ბასილ II–ს ებრძოდა. ამის გარდა, ჩრდილოეთიდან ბულგარეთი იმუქრებოდა, ხოლო სამხრეთიდან – ფატიმიანთა ეგვიპტე. ბასილს სასწრაფოდ სჭირდებოდა დახმარება. ვლადიმირმა დახმარების სანაცვლოდ იმპერატორს მისი ქალიშვილის, ანას ხელი სთხოვა. შეთანხმება შედგა. ამასთან ერთად ვლადიმირი თავის სამეფოსთან ერთად მართლმადიდებლურად მოინათლა. პირობის თანახმად, ვლადიმირმა ბასილს 6 000 მეომარი გაუგზავნა. ბასილმა გაიმარჯვა და ჩაახშო აჯანყება. ამ მოვლენის შემდეგ ვარიაგები იმპერატორთა მცველები გახდნენ, რაც ტრადიციად იქცა. 

ისტორიაში ყველაზე ცნობილი ვარიაგი იყო ჰარალდ სიგურდსონი, ასევე ცნობილი, როგორც ჰარალდ ჰარდრადა. იგი დაიბადა 1015 წელს და იყო ნორვეგიის მეფის, ოლაფ ჰარალდსონის ნახევარძმა. 1028 წელს ოლაფს ტახტი წაართვა კნუტ დიდმა. ოლაფმა ორი წელი იბრძოლა ტახტის დასაბრუნებლად, რომლის გვერდით ჰარალდიც იბრძოდა. ძმები დამარცხდნენ და გაიქცნენ. ჰარალდი კიევის რუსეთში წავიდა და ნოვგოროდის მთავრის, იაროსლავ ბრძენის სამსახურში ჩადგა. 1038 წელს იგი 500 კაცით კონსტანტინოპოლში ჩავიდა სახელისა და დიდების მოსახვეჭად. მრავალი წარმატების შედეგად, 21 წლის ასაკში უკვე ვარიაგთა მთავარსარდალი გახდა. ჰარალდი 1041 წლამდე დარჩა იმპერატორის სამსახურში, რის შემდეგაც კიევის რუსეთში დაბრუნდა, სადაც იგი იაროსლავმა გულუხვად მიიღო. შემდეგ ჰარალდი ნორვეგიაში დაბრუნდა და 1045 წელს სამეფო ტახტი დაიკავა. 1066 წელს იგი ბრიტანეთში ანგლო–საქსების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. 

მონეტა ჰარალდის გამოსახულებით


იმავე წელს ნორმანდიის ჰერცოგმა უილიამ დამპყრობელმა ინგლისი დაიპყრო. მრავალმა ანგლო–საქსმა მეომარმა დატოვა ქვეყანა. უმეტესი მათგანი კონსტანტინოპოლში ჩავიდა და იმპერატორის სამსახურში ჩადგა. ამის შემდეგ ვარიაგთა რაზმის ეთნიკური შემადგენლობა ძირითადად ანგლო–საქსური გახდა. იმპერატორის დავალებით ისინი დიდხანს ებრძოდნენ მოსისხლე ნორმანებს, რომლებიც, ინგლისის გარდა, სამხრეთ იტალიაშიც იყვნენ გაბატონებულნი. 

1122 წელს ბეროიას ბრძოლაში (ჩრდ. ბალკანეთში) ანგლო–საქსმა ვარიაგებმა მწარე მარცხი აგემეს პაჭანიკების მომთაბარე ტომებს. ეს მარცხი იმდენად გამანადგურებელი აღმოჩნდა მათთვის, რომ ეს უკანასკნელნი თითქმის მთლიანად გაქრნენ პოლიტიკური ასპარეზიდან. 

1204 წლიდან, ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ, ვარიაგებმა ნელ–ნელა დაკარგეს თავიანთი მნიშვნელობა და 1281 წლისთვის მათ მხოლოდ ცერემონიული როლი შემორჩათ.




ბიბლიოგრაფია:

1. D'Amato, Raffaele. The Varangian Guard 988 - 1453.

2. Davidson, H.R. Ellis. The Viking Road to Byzantium.

3. Anna Komnena. Alexiad.

16 October 2020

 მეოთხე ჯვაროსნული ომი: კონსტანტინოპოლის დაცემა 1204 წ.


ჯვაროსნული ლაშქრობები ერთ–ერთი თვალსაჩინო ეპოქაა კაცობრიობის ისტორიაში. ბრწყინვალე აბჯრებში შემოსილი რაინდების იმიჯმა დიდი ეფექტი მოახდინა მომავალ თაობებზე. თუმცა რეალობა ის არ იყო, რასაც რომანტიულ ნაწარმოებებში ვხედავთ ხოლმე. მეოთხე ჯვაროსნული ომი ისტორიის ერთ–ერთ შავ ლაქად არის მიჩნეული, რომელიც ასახავს ადამიანის ხარბ და მზაკვრულ ბუნებას.

კონსტანტინოპოლი


1187 წელს იერუსალიმი ეგვიპტის სულტანმა სალადინმა დაიპყრო. პასუხად, კათოლიკურმა ევროპამ მესამე ჯვაროსნული ომი გამოაცხადა, მაგრამ ეს ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა. 1198 წელს პაპმა ინოკენტ III-მ ევროპას მეოთხე ჯვაროსნული ომისკენ მოუწოდა. იტალიელი გრაფის ბონიფაჩე მონფერატელის ქარიზმის წყალობით შეიკრიბა ფრანგთა და გერმანელთა არმია. ახლა მათ მხოლოდ ხომალდები სჭირდებოდათ, რათა ხმელთაშუა ზღვა გადაეცურათ. იმ დროის ყველაზე ძლიერი საზღვაო ფლოტი  ვენეციის რესპუბლიკას ჰყავდა. ვენეციის დოჟი ენრიკო დანდოლო დათანხმდა გარკვეული ფასის სანაცვლოდ ჯვაროსნებისთვის ხომალდები გამოეყო. გეგმა ასეთი იყო: ჯვაროსნები გაცურავდნენ ვენეციიდან მუსლიმთა სამყაროს ცენტრისკენ: ეგვიპტისკენ. დაიპყრობდნენ მათ დედაქალაქს და შემდეგ ხმელეთით მიადგებოდნენ იერუსალიმს. 

პრობლემები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა 1202 წელს ჯვაროსნები ვენეციაში შეიკრიბნენ. მოსალოდნელი 33 500 ჯარისკაცის მაგივრად მხოლოდ 12 000 კაცი მოვიდა. ამან გააცოფა ვენეციის დოჟი, რომელმაც დიდძალი თანხა დახარჯა საბრძოლო და სატრანსპორტო ხომალდების ასაგებად. ამ ზარალის ანაზღაურება ჯვაროსნებს არ შეეძლოთ. დოჟმა დანდოლომ უარი თქვა მათ გაშვებაზე, სანამ ვალს არ გადაიხდიდნენ. ჯვაროსნებმა შეძლეს თანხის შეგროვება, მაგრამ ახლა მათ ამის გამო შიმშილი დაემუქრათ. დანდოლომ მზაკვრული გეგმა შეიმუშავა და გადაწყვიტა ჯვაროსანთა ლაშქარი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა. მან ჯვაროსნებს ვალის პატიება აღუთქვა, თუ ისინი ქალაქ ზარას აიღებდნენ, რომელიც ადრიატიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა და უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. როცა ამის შესახებ პაპმა შეიტყო, იგი ჯვაროსნებს ეკლესიიდან განკვეთით დაემუქრა, თუ კათოლიკურ ქალაქს თავს დაესხმოდნენ. გრაფმა ბონიფაჩემ ჯარს ეს წერილი დაუმალა და წინსვლა განაგრძო. როცა არმია ქალაქ ზარას მიუახლოვდა, ქალაქის მაცხოვრებლებმა ჯვრიანი დროშები გადმოფინეს გალავნებზე იმის ნიშნად, რომ ერთმორწმუნეები იყვნენ და დაენდოთ ისინი. ჯვაროსნებმა ქალაქი მაინც აიღეს, გადაწვეს, გაძარცვეს და უამრავი ხალხი დახოცეს. 

ზარას აღება


გაცოფებულმა პაპმა შეაჩვენა ვენეციელები და ჯვაროსნები, მაგრამ ლიდერებმა არმიას ამჯერადაც დაუმალეს ეს წერილები. ამასობაში, ბონიფაჩე ბავარიაში გაემგზავრა თავისი ნათესავის მეფე ფილიპე შვაბის მოსანახულებლად, სადაც ბიზანტიიდან გამოძევებულ უფლისწულ ალექსი IV ანგელოსს შეხვდა. ახალგაზრდა უფლისწულმა ბონიფაჩეს სთხოვა, რომ ჯვაროსნებს კონსტანტინოპოლი აეღოთ და მისი ბიძა იმპერატორი ალექსი III ტახტიდან ჩამოეგდოთ. სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ ჯვაროსნებს იერუსალიმის აღებაში დაეხმარებოდა და მართლმადიდებლურ ეკლესიას პაპს დაუმორჩილებდა. ჯვაროსნები ამ წინადადებაზე შეყოყმანდნენ, მაგრამ დანდოლომ დიდი ქრთამის საშუალებით დაითანხმა ისინი.

1203 წლის 23 ივნისს ლათინთა არმია კონსტანტინოპოლს მიადგა. ქალაქს 15 000 ჯარისკაცი იცავდა, ამათგან 5 000 ვარიაგი იყო, ბიზანტიის არმიის ელიტური რაზმი, რომელიც ვიკინგებისგან და ანგლო–საქსებისგან შედგებოდა. ჯვაროსნებმა დაასკვნეს, რომ ქალაქში ფეხის მოსაკიდებლად, მათ უნდა დაეკავათ ჩრდ. ნავსადგური, რომელიც წვრილ ყურეს, ოქროს რქას იცავდა, ლათინთა გემები ბოსფორის სრუტეში შევიდნენ და ბრძოლით დაიკავეს ეს ნავსადგური და ოქროს რქა. ახლა მათ უკვე ჩრდილოეთიდანაც შეეძლოთ ქალაქზე თავდასხმა.

კონსტანტინოპოლის ალყა


ჯვაროსნებმა ბონიფაჩეს მეთაურობით ხმელეთიდანაც დაიწყეს იერიში. აქ ვარიაგებმა თავი გამოიჩინიეს.  ისინი გალავნის გარეთ გავიდნენ და დროებით უკუაგდეს მტერი. შემდგომ ქალაქში შებრუნდნენ და ვენეციელები გადარეკეს ზღვაში, რომლებიც ოქროს რქიდან შემოვიდნენ. ამასობაში, იმპერატორი ალექსი III 8 000 კაცით გაიჭრა ქალაქიდან მტერთან საბრძოლველად, მაგრამ დაფრთხა და უბრძოლველად შემობრუნდა ქალაქში, რომელიც მალე გაიპარა კიდეც ქალაქიდან და მიატოვა თავისი ხალხი. საიმპერატორო კარმა ტახტზე მისი ძმა და ტახტის მაძიებლის მამა, ისააკ II დასვა, რომელიც ბრმა იყო. ლათინებმა ალექსი IV–ის თანამოსაყდრედ დასმა მოითხოვეს, რათა მათთვის დაპირებული ფული გადაეხადა, რაზეც ბიზანტიელები დათანხმდნენ. მწარე რეალობა ის აღმოჩნდა, რომ ალექსი IV–ს არ შეეძლო ამ თანხის გადახდა, რის გამოც ბიზანტიელებმა ძველი რომაული და ბიზანტიური ხატები დაადნეს, რათა ვერცხლის მონეტები მოეჭრათ. ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ამ ყველაფერმა ხალხის თვალში დიდად დასცა ახალი იმპერატორის რეპუტაცია. ჯვაროსნებისთვის აშკარა გახდა, რომ ალექსი ვალს ვერ გადაიხდიდა. 

ამასობაში, დუკების საგვარეულოს წარმომადგენელმა, რომელსაც ასევე ალექსი ერქვა, ხალხი გადაიბირა, მოაკვლევინა ალექსი IV და თვითონ ეკურთხა იმპერატორად. ჯვაროსნებმა კი საბოლოოდ გადაწყვიტეს კონსტანტინოპოლის აღება. მათ ბერძნები ერეტიკოსებად და ქრისტეს მოღალატეებად გამოაცხადეს. ვარიაგებმა კი ქალაქი მიატოვეს, რადგანაც იმპერატორი მათ ფულს ვეღარ უხდიდა. ბიზანტიის დედაქალაქს გარნიზონი თითქმის საერთოდ აღარ შერჩა. საბედისწერო წუთებიც დადგა: 1204 წლის გაზაფხულს ჯვაროსნები ქალაქში შეიჭრნენ, გაძარცვეს, გადაწვეს, ძვლებამდე გააშიშვლეს ეს ბრწყინვალე ქალაქი. ქალებს ნამუსს ხდიდნენ, დანარჩენ მაცხოვრებლებს ჟლეტდნენ. ათასობით ადამიანი დაიხოცა.

ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ, ჯვაროსნებმა ბიზანტიის იმპერიის ბალკანური ტერიტორიები დაინაწილეს. ამათგან ყველაზე დიდი იყო ლათინთა იმპერია, რომლის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი გახდა. მის იმპერატორად აირჩიეს ყველაზე ქარიზმატული ჯვაროსანი, ფლანდრიის გრაფი ბალდუინ I. ბიზანტიელებს მხოლოდ მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი დარჩათ, რომლის დედაქალაქი ნიკეა იყო. 

1261 წელს ბიზანტიელებმა დაიბრუნეს ბალკანეთი კონსტანტინოპოლითურთ და აღადგინეს ბიზანტიის იმპერია, მაგრამ ეს მხოლოდ თავისი ძველი დიდების აჩრდილს წარმოადგენდა, რამაც საუკუნეების შემდგომ, 1453 წელს გაუადვილა საქმე თურქ–ოსმალებს, რომლებმაც საბოლოოდ დაანგრიეს ბიზანტიის იმპერია.

ბალკანეთი და მცირე აზია კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ



ბიბლიოგრაფია:

1. Angold, M. J. (2003). The Fourth Crusade: Event and Context. London: Routledge.

2. McNeal, E. H. (1969). The Conquest of Constantinople. New York: Columbia University Press.

3. Queller, D. E. (1998). The Fourth Crusade: The Conquest of Constantinople. Philadelphia: University of Pennsylvania Press.

25 September 2020

როგორ მოიპარეს ბიზანტიელებმა ჩინელებისგან აბრეშუმის წარმოების საიდუმლო


სახელოვანი აბრეშუმის გზა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზა იყო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქამდე. ამ გზის საშუალებით უამრავი საქონელი გადაჰქონდათ ქარავნებს, მაგრამ ამათგან ყველაზე ძვირფასი იყო აბრეშუმი. 

აბრეშუმის გზა


ჩინელებმა აბრეშუმის დამზადების საიდუმლო დაახლოებით ძვ. წ. 4000–იან წლებში შეისწავლეს. ძალიან მალე ეს ქსოვილი ფუფუნების საგნად იქცა. იმპერატორები მისი წარმოების საიდუმლოს მკაცრად იცავდნენ, რათა მონოპოლია შეენარჩუნებინათ. ძვ. წ. II ათასწლეულში აბრეშუმი ნელ–ნელა ცენტრალურ აზიაშიც გამოჩნდა. ძვ. წ. I ათასწლეულში კი აბრეშუმი ირანში, ეგვიპტესა და ევროპაშიც შემოვიდა. სკვითები და განსაკუთრებით აქემენიდური სპარსეთის იმპერია დიდ მოგებას ნახულობდნენ, როგორც აბრეშუმის გზის შუამავლები ევროპასა და ჩინეთს შორის. ალექსანდრე მაკედონელი პირველი იყო, რომელმაც ბერძნული სამყარო პირდაპირ დაუკავშირა აბრეშუმის გზას, როდესაც ქალაქი ალექსანდრია ესქატე დააარსა ცენტრალურ აზიაში. რომაელები აბრეშუმის მოსაპოვებლად ინდოეთს დაუკავშირდნენ ეგვიპტის საშუალებით. ეს ძვირფასი ქსოვილი დიდად მოთხოვნადი გახდა რომში, თუმცა ეს იმას ნიშნავდა, რომ ოქრო გაედინებოდა რომიდან და საბოლოოდ ოქროს ნაკლებობა საბედისწერო აღმოჩნდა რომის იმპერიისთვის, რამაც მისი დაცემა გამოიწვია 476 წელს. გერმანელ ბარბაროსებსაც მოსწონდათ აბრეშუმი, ასე, რომ ახლა ბიზანტიის იმპერია გახდა შუამავალი, რომელიც ჩინეთიდან შემოსულ აბრეშუმს ყიდდა. 

აბრეშუმის ქსოვილი


ამ დროისთვის აბრეშუმის გზა არ იყო კარგად დაცული. 420 – 589 წლებში ჩინეთში პოლიტიკური კრიზისი იყო. ქარავნებს ჩინეთიდან კონსტანტინოპოლამდე მისასვლელად დაახლოებით 7 თვე სჭირდებოდათ. ამავე დროს ბიზანტიისა და სასანიანთა სპარსეთის იმპერიებს თითქმის გამუდმებული ომები ჰქონდათ ერთმანეთთან, რის გამოს ვაჭრობას ხელი ეშლებოდა. ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ამ სიტუაციის შეცვლა სცადა. მან ალტერნატიული გზები სცადა ჩინეთთან დასაკავშირებლად ლაზიკისა და ევრაზიული სტეპების გავლით, მაგრამ ეს გზა ძალიან გრძელი იყო და ხშირად ქარავნები უკიდეგანო სტეპებში იკარგებოდნენ. ამ პერიოდში იუსტინიანემ დაიპყრო იტალია და ჩრდილოეთ აფრიკა, რაც დიდი პოლიტიკური გამარჯვება იყო, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკაზე ცუდად იმოქმედა. 

დაახლოებით 550–იან წლებში, ისტორიკოს პროკოპიოსის თანახმად, იუსტიანიანეს ორი ნესტორიელი ბერი ეწვია, რომლებმაც ცენტრალურ აზიაში, ჩინეთსა და სპარსეთში იმოგზაურეს და ინდოეთიდან კონსტანტინოპოლში ჩამოვიდნენ. მათ იუსტინიანეს აღუთქვეს, რომ აბრეშუმის პრობლემას გადაჭრიდნენ. გახარებული იმპერატორი დათანხმდა და ბერების თავგადასავალიც დაიწყო. მათი მოგზაურობა ორ წელს გაგრძელდა. 

აბრეშუმის ჭიები


როგორც ზემოთ ითქვა, ამ დროს ჩინეთში არ იყო სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა. ბერებს უფლება მისცეს აბრეშუმის დამზადების პროცესს დასწრებოდნენ და ესწავლათ კიდეც. აბრეშუმის ჭიები ძალიან სათუთი არსებები არიან, ამიტომაც ჩინელები არ ელოდნენ, რომ ბერები მათ მოიპარავდნენ. ამ უკანასკნელებს გეგმა ჰქონდათ: მათ აბრეშუმის ჭიების კვერცხები თუ ლარვები თავიანთ ყავარჯნებში დამალეს და ადგილობრივებს სთხოვეს მათთვის ბლომად თუთა მიეცათ, რომელსაც აბრეშუმის ჭიები ჭამდნენ. კონსტანტინოპოლში დაბრუნების შემდეგ იუსტინიანემ და შემდგომ მისმა მემკვიდრემ იუსტინე II-მ აბრეშუმის ინდუსტრიული ცენტრები შექმნეს სხვადასხვა ქალაქებში და ამით აბრეშუმის მუდმივი წყარო გაიჩინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინური აბრეშუმი მაინც უკეთესი ხარისხის იყო, ჩინელთა და სასანიანთა აბრეშუმის მონოპოლია წარსულს ჩაბარდა. აბრეშუმით ვაჭრობა კი ბიზანტიის იმპერიის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა გახდა. 



ბიბლიოგრაფია:

1. Feltham, Heleanor B. (2009) Justinian and the International Silk Trade.

2. Schoeser, Mary. (2007) Silk. Yale University Press.

22 May 2020



შუა საუკუნეების ევროპაში კათოლიკური ეკლესია დომინანტ ძალას წარმოადგენდა, თუმცა ხშირად იდგა გამოწვევების წინაშე.
მე–14 საუკუნის ბოლოსკენ კათოლიკური ევროპის განაპირა მხარეებში პაპის მოწინააღმდეგე ძალებმა დაიწყეს მომრავლება. ინგლისში, თეოლოგი და ფილოსოფოსი ჯონ უიკლიფი ანტი–პაპური მოძრაობის დიდი მოთავე იყო. იგი კიცხავდა კათოლიკური ეკლესიის ფუფუნებას და ასევე მოითხოვდა, რომ ბიბლია ადგილობრივ ენებზე ეთარგმნათ, რათა უბრალო ხალხი მას უკეთ გაცნობოდა. მის ედეებს ეზიარა ჩეხი რექტორი იან ჰუსი.

იან ჰუსი


1378 წელს სქიზმამ კათოლიკური ეკლესია ორად გახლიჩა. ახლა პაპები არჩეულ იყვნენ რომში და ავინიონშიც(საფრანგეთი). ეს კიდევ უფრო აკნინებდა კათოლიკური ეკლესიის პრესტიჟს, ხოლო იან ჰუსი მეტ მხარდამჭერს იძენდა. იმ დროს ჩეხეთი გერმანიის საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და მისი მმართველი იყო ვენცელ IV. იგი ცდილობდა ამ სქიზმაში ნეიტრალიტეტი შეენარჩუნებინა, რადგან გერმანიის საღვთო რომის იმპერიის ტახტის ერთ–ერთი მაძიებელი იყო და არ სურდა ეკლესიასთან საქმის გართულება. ამან ჰუსის მდგომარეობა კიდევ უფრო განამტკიცა და მხარდამჭერები სულ უფრო ემატებოდა. ვენცელის ნახევარძმა სიგისმუნდი, რომელიც უნგრეთის მეფე იყო, ასევე ესწრაფვოდა იმპერიის ტახტის დაუფლებას. 1414 წელს კონსტანცის საეკლესიო კრებაზე მან იან ჰუსიც მიიწვია და ხელშეუხებლობის სიგელიც კი მისცა, მაგრამ ჰუსი ჩასვლისთანავე დააპატიმრეს და 1415 წელს სიკვდილით დასაჯეს.

იან ჰუსის კოცონზე დაწვის სცენა


მისმა გამძვინვარებულმა მიმდევრებმა, რომლებიც თავიანთ თავს ჰუსიტებს უწოდებდნენ, თავდასხმები დაიწყეს კათოლიკურ ეკლესიებზე მთელს ჩეხეთში. 1419 წელს მთელს რეგიონს აჯანყების ცეცხლი მოედო. ზოგი წყარო იუწყება, რომ ამის გამგონე ვენცელი შოკისგან მოკვდა. მისი ადგილი სიგისმუნდმა დაიკავა და სასწრაფოდ არმია გაგზავნა აჯანყების ჩასაქრობად. ე.წ. "ზომიერი" ჰუსიტების, უტრაკვისტების ფრთა, რომელიც ძირითადად დიდგვაროვნებისგან შედგებოდა, მოლაპარაკების ხასიათზე დადგა, ხოლო უფრო რადიკალ–ტაბორიტების ფრთა, რომელიც ძირითადად გლეხებისგან შედგებოდა, ბრძოლას აგრძელებდა იან ჟიჟკას მეთაურობით. 1420 წელს ჰუსიტებმა მრავალი ჩეხური ქალაქი ჩაიგდეს ხელში და კათოლიკეთა ლაშქარიც დაამარცხეს. მომდევნო წელს პაპმა ჯვაროსნული ომი გამოაცხადა ჰუსიტების წინააღმდეგ. ჯვაროსნულ არმიას თვით სიგისმუნდი მოუძღოდა, რომელმაც პრაღას სამი მხრიდან შემოარტყა ალყა. ორი არმია ერთმანეთს შეხვდა პრაღის აღმოსავლეთით ვიტკოვის გორასთან. ჰუსიტებს კვლავ იან ჟიჟკა ედგა სათავეში. მას მხოლოდ რამდენიმე ასეული მეომარი ჰყავდა დაახლოებით 10 000–მდე მტრის წინააღმდეგ. მას კარგად ესმოდა ვიტკოვის გორის მნიშვნელობა, რადგანაც მის გარეშე სიგისმუნდი ქალაქის სრულ ალყაში მოქცევას ვერ მოახერხებდა. ჟიჟკამ დაიკავა გორა და მომხვდურ მტერს საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა თოფებით, არბალეტებითა და მსუბუქი არტილერიით. ერთ–ერთ ასეთ შეტაკებაში ჯვაროსნებმა კინაღამ დაიკავეს გორა, მაგრამ ჟიჟკა პირადად ჩაერთო ბრძოლაში და უკუაქცია მტერი. ამასობაში, ქალაქიდან ჟიჟკას დამხმარე ძალები მოეშველნენ და მრავალი მტერი გაწყვიტეს. შერცხვენილმა სიგისმუნდმა პრაღას ალყა მოხსნა და უკან დაიხია.

იან ჟიჟკა პრაღას გადაჰყურებს ვიტკოვის ბრძოლის შემდეგ


ახლა სიგისმუნდი ქალაქ კუტნა ჰორას აღებას აპირებდა. ჟიჟკამ, რომელიც ჭრილობისგან დაბრმავდა, 15 000–იანი ჯარი დაადევნა 50 000–მდე ჯვაროსანს. ჯარის ნაწილი ქალაქში შეიყვანა მის დასაცავად. ტაბორიტი ჰუსიტები მედგრად იგერიებდნენ ჯვაროსანთა იერიშებს, მაგრამ საკმარისი ძალები არ გაჩნდათ კოტრიერიშისთვის. მოულოდნელად, სიგისმუნდის ერთგული მოქალაქეები ჰუსიტ გარნიზონს დაერივნენ და ჯვაროსნები ქალაქში შეიყვანეს. ალყაში მოქცეულმა ჟიჟკამ ზარბაზნები ურმებზე დაალაგა, რომლებსაც ბარიკადებად იყენებდნენ. შემდეგ ყველა დაამწკრივა, მტრის რაზმებისკენ გააქანა და ზარბაზნების სროლა–სროლით ალყა გაარღვია. წყაროების თანახმად, სიგისმუნდმა 10 000–მდე კაცი დაკარგა, ხოლო ტაბორიტებმა – 2 000.

იან ჟიჟკას ქანდაკება ვიტკოვის გორაზე


ჰუსიტებმა ჩეხეთის გვირგვინი პოლონეთის მეფეს იოგაილას შესთავაზეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი თქვა, თუმცა მისმა ნათესავმა, ლიტვის დიდმა მთავარმა ვიტაუტასმა თანხმობა განაცხადა. თვითონ არ დაუკავებია ტახტი, მაგრამ თავისი ბიძაშვილი სიგისმუნდ კორიბუტი გამოგზავნა რამდენიმე ათასი მეომრით.

1424 წელს ჟიჟკა გარდაიცვალა და ტაბორიტების ლიდერი გახდა პროკოპ დიდი, რომელმაც არაერთხელ დაამარცხა ჯვაროსნები. მის დროს ტაბორიტები იმდენად გაძლიერდნენ, რომ რამდენჯერმე გერმანია და უნგრეთიც კი დალაშქრეს. 1431–1435 წლებში ჰუსიტები პოლონეთსაც კი დაეხმარნენ პოლონურ–ტევტონურ ომში. ჰუსიტები კათოლიკური ეკლესიისა და საღვთო რომის იმპერიის უდიდეს პრობლემად იქცნენ. 1433 წელს ჰუსიტები ბაზელის საეკლესიო კრებაზე მიიწვიეს, სადაც ეკლესია და უტრაკვისტები შერიგდნენ. ტაბორიტებმა გააპროტესტეს ეს ზავი და უტრაკვისტებთან ომი გარდაუვალი გახდა.

1434 წელს ტაბორიტები და უტრაკვისტები ერთმანეთს საბრძოლველად შეხვდნენ ლიპანის გორასთან. გარეშე მტერი ზეიმობდა, რადგანაც ციხე შიგნიდან გატეხეს. თითქმის მთელი ჩეხეთის დიდგვაროვანი უტრაკვისტების მხარეს იბრძოდა, რომლებსაც დივიშ ბორშეკი მეთაურობდა. მათ რიგებში იდგა 13 000 ქვეითი და 2 000 მხედარი. ტაბორიტებს კვლავ პროკოპ დიდი მეთაურობდა, რომლებსაც 10 000 ქვეითი და 700 მხედარი ჰყავდათ. ბრძოლა ძალიან სასტიკი იყო, რომელიც ტაბორიტების სრული მარცხით დასრულდა. პროკოპ დიდი ბრძოლის ველზე დაეცა, ხოლო ტაბორიტების ლაშქარი გაწყდა.


ლიპანის ბრძოლა


ამ სასტიკი მარცხის შემდეგ ტაბორიტები რამდენიმე წელი კიდევ აგრძელებდნენ ბრძოლას, მაგრამ უკვე განწირულები იყვნენ და საბოლოოდ განადგურდნენ. 1436 წელს უნგრეთის მეფე სიგისმუნდი ჩეხეთის მეფე გახდა. ტაბორიტების მარცხმა რეფორმაცია ერთი საუკუნით გადადო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო იმ დიდი რელიგიური ომებისა, რომელიც ელოდა ევროპას მომავალში.




ბიბლიოგრაფია:

1.Howard Kaminsky (2004-04-08). A History of the Hussite Revolution.
2. Stephen Turnbull (2005-05-25). The Hussite wars 1419-36. Osprey Publishing.
3. Bachmann. Geschichte Böhmens.

8 May 2020



ასწლიანი ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის, რომელიც 1337 წლიდან 1453 წლამდე გაგრძელდა, ერთ–ერთი ყველაზე სისხლიანი ომი იყო ისტორიაში. ამ კონფლიქტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დღევანდელი დასავლეთ ევროპის პოლიტიკური რუკის ჩამოყალიბებაში. ამ ომის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო კრესისთან, რომელიც ჩრდ. საფრანგეთში მდებარეობს.

კრესის ბრძოლა

1066 წელს, მას შემდეგ, რაც ნორმანდიის ჰერცოგმა უილიამ დამპყრობელმა ინგლისი დაიპყრო, ახალი რეალობა შეიქმნა დასავლეთ ევროპაში. უილიამი და მისი მემკვიდრეები ფორმალურად საფრანგეთის ვასალებად ითვლებოდნენ, მაგრამ ამავე დროს ძლიერი სამეფოს მონარქებიც იყვნენ. უილიამის შვილიშვილი მატილდა დაქორწინდა ანჟუს გრაფზე ჯეფრი პლანტაგენეტზე. ანჟუ და მისი მიმდებარე ტერიტორიები ინგლისის მეფეთა სამფლობელოებად იქცნენ და მტკიცედ მოიკიდეს ფეხი საფრანგეთის ტერიტორიაზე. მათი შვილი მეფე ჰენრი II დაქორწინდა შუა საუკუნეების ეპოქის ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან ქალზე ელეონორ აკვიტანიელზე და მზითვად მიიღო მისი უზარმაზარი საჰერცოგო. ამით, ნახევარი საფრანგეთი ინგლისის სამეფოს ხელში აღმოჩნდა. ეს კატასტროფა იყო საფრანგეთის მეფეებისთვის.

ინგლისის სამეფო მე–12 საუკუნის მიწურულს


ეს ყველაფერი შეიცვალა, როცა 1165 წელს საფრანგეთის მეფედ ეკურთხა ფილიპ II. ჰენრი II-ის სიკვდილის შემდეგ ინგლისის მეფე გახდა სახელოვანი რიჩარდ I ლომგული. 1189 წელს ფილიპი და რიჩარდი გერმანიის საღვთო რომის იმპერატორთან ფრიდრიხ ბარბაროსასთან ერთად ჯვაროსნულ ომში წავიდნენ იერუსალიმის დასაპყრობად. თუმცა 1191 წელს ფილიპი უკან გამობრუნდა, რიჩარდის არყოფნით ისარგებლა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას შეუდგა. 1194 წელს რიჩარდიც დაბრუნდა, მაგრამ 1199 წელს იგი ბრძოლაში მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა და ინგლისის მეფე გახდა მისი ძმა ჯონი, რომელიც უმიწაწყლოს სახელით შევიდა ისტორიაში. ფილიპმა თითქმის ყველა ფრანგული ტერიტორია წაართვა ჯონს. 1215 წელს ისიც დაემატა, რომ ჯონმა, საკუთარი ფეოდალების წნეხისა და ზეწოლის ქვეშ მყოფმა, იძულებით ხელი მოაწერა სახელოვან "მაგნა ქარტას", ანუ თავისუფლების დიდ ქარტიას, რომელიც ზღუდავდა სამეფო ხელისუფლებას. ეს ყველაფერი ფილიპმა იდეალურად გამოიყენა და მისი მეფობის დასარულს, 1223 წლისთვის ინგლისელები საფრანგეთში მხოლოდ აკვიტანიის საგრაფოს ნახევარს ფლობდნენ. ამ მიზეზების გამო ასწლიანი ომი გარდაუვალი გახდა. ასწლიანი ომის უშუალო მიზეზად იქცა საფრანგეთის ტახტის მემკვიდრეობის საკითხი. 1328 წელს ფილიპ IV ლამაზის უმცროსი შვილის შარლ IV-ის სივდლით კაპეტინგების დინასტია შეწყდა. ფრანგმა დიდკაცებმა უარყვეს ფილიპ IV-ის ასულის იზაბელას ვაჟის – ინგლისის მეფის ედუარდ III-ის პრეტენზია და გაამეფეს ფილიპ IV-ის ძმისწული ფილიპ VI ვალუა.

1337 წელს ედუარდმა საფრანგეთს ომი გამოუცხადა. 1340 წელს ინგლისელებმა ფრანგთა ფლოტი გაანადგურეს სლეისის ბრძოლაში. ახლა მათ უპრობლემოდ შეეძლოთ არმიების გადმოყვანა სრუტის გადმოღმა.


მეფე ედუარდ III


1346 წელს ინგლისელთა არმიამ ნორმანდია დაიკავა. ფილიპ ვალუა სასწრაფოდ ჩრდილოეთით გაეშურა ფრანგთა ჯარით, რომელიც რიცხობრივად აღემატებოდა ინგლისელებისას. მეტოქეები კრესისთან შეხვდნენ ერთმანეთს. ინგლისელთა მთავარსარდალი თვით მეფე ედუარდი იყო და დაახლოებით 15 000 მეომარი ჰყავდა, რომელშიც შედიოდა 2 500 რაინდი, 5 000 მშვილდოსანი, 3 000 მშვილდოსან–ცხენოსანი და 4 000 შუბოსანი ქვეითი.
მეფე ფილპს კი ჰყავდა 30 000 მეომარი, აქედან 12 000 მძიმედ აღჭურვილი მხედარი, 12 000 ქვეითი და 6 000 მეარბალეტე. ორივე მხარეს ცოტ–ცოტა ზარბაზანიც ჰქონდა. ზარბაზნები ევროპაში სწორედ ასწლიანი ომის დროს გამოჩნდნენ, თუმცა უმეტესი მათგანი ჯერ კიდევ საკმაოდ გაუმართავი იყო.

ინგლისელთა ზარბაზანი კრესის ბრძოლაში


ინგლისელებმა მაღლობზე დაიკავეს პოზიციები. მათი ლაშქარი სამ ჯგუფად დანაწილდა: თითოეულის ცენტრში ქვეითი რაინდები იდგნენ, უკან – შუბოსნები, ხოლო ფლანგებზე მშვილდოსნები იდგნენ. წინ სარები ჰქონდათ ჩარჭობილი, რათა მტრის კავალერიის იერიშები შეეკავებინათ.

ინგლისელი მშვილდოსნები


ფრანგებმა მტრის დანახვისთანავე გადაწყვიტეს შეტევაზე გადასვლა. ფრანგთა სამწუხაროდ, მოულოდნელად წვიმა წამოვიდა, რის გამოც არბალეტებს ეფექტურად ვეღარ იყენებდნენ. ინგლისელ მშვილდოსნებს ამის პრობლემა არ ჰქონდათ და ბევრი მეარბალეტე დახოცეს. ამის შემდეგ შეტევაზე გადავიდნენ ფრანგი რაინდები, მაგრამ ინგლისელთა ისრების სეტყვამ მათი იერიშიც შეაჩერა. ფრანგებმა დაახლოებით ცამეტჯერ სცადეს იერიშზე გადასვლა, მაგრამ ყველა მცდელობა დიდი მსხვერპლით დასრულდა. საბოლოოდ ინგლისელი რაინდები გადმოვიდნენ შეტევაზე და დაღლილ მტერს დაერივნენ. მეფე ფილიპი დაიჭრა და ბრძოლის ველიდან გაიქცა. ფრანგებმა დაახლოებით 10 000 კაცი დაკარგეს. ფილიპმა დახმარება შოტლანდიის მეფეს დევიდს სთხოვა და ეს უკანასკნელიც თავს დაესხა ჩრდ. ინგლისს, მაგრამ დამარცხდა და ტყვედაც კი ჩავარდა. რაც შეეხება მეფე ედუარდს, მან 1347 წელს ფრანგებს ქალაქი კალე წაართვა ჩრდ. საფრანგეთში, რომელიც შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში ინგლისელთა პლაცდარმად იყო ქცეული საფრანგეთის წინააღმდეგ.

მეფე ედუარდი დახოცილებს ითვლის კრესის ბრძოლის ველზე




ბიბლიოგრაფია:

1. Barber, Richard (2013). Edward III and the Triumph of England: The Battle of Crecy and the Company of the Garter. London. Allen Lane.
2. Hewitt, H.J. (1966). The Organization of War under Edward III. Manchester: Manchester University Press.
3. Livingston, Michael and DeVries, Kelly, eds (2016). The Battle of Crecy: A Casebook. Liverpool University Press. 

24 April 2020



ფეოდალურმა დაქსაქსულობამ და ცენტრალური ხელისუფლების არქონამ შუა საუკუნეების იტალია გამუდმებული ომების პოლიგონად აქცია. იტალიური სამეფო–სამთავროები დომინანტობისთვის ერთმანეთს ჟლეტდნენ. ამის გარდა, ევროპის იმპერიებიც ცდილობდნენ იტალიური ტერიტორიების დაუფლებას.

1453 წელს, ასწლიანი ომის დასრულების შემდეგ, რომელშიც საფრანგეთმა ინგლისი დაამარცხა და ყველა დაკარგული ტერიტორია დაიბრუნა, საფრანგეთის მეფე ლუი XI ვალუა ურჩ ქვეშევრდომებს დაერია, მათ შორის ბურგუნდიის ჰერცოგს შარლ გულადს, რომელიც 1477 წელს ბრძოლაში დაიღუპა. მას მემკვიდრედ დარჩა ქალიშვილი მარია მდიდარი. ბურგუნდიის საჰერცოგოს დაუფლებაზე, მეფე ლუის გარდა, გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ III-ც ცდილობდა. მან მარიაზე თავისი შვილი მაქსიმილიანი დააქორწინა და ამით ბურგუნდიაზე გავლენა მოიპოვა. ლუი გაწბილებული დარჩა და ომი წამოიწყო გერმანიის წინააღმდეგ, რომელიც გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა შარლ VIII–მ გააგრძელა. შედეგად ბურგუნდია ორად გაიყვეს მეტოქეებმა. თუმცა ეს ორი ამბიციური სახელმწიფო წყნარად დიდხანს ვერ გაძლებდა.

1494 წელს შარლმა მილანის ჰერცოგისგან ლუდოვიკო სფორცასგან მოწვევა მიიღო, რათა იტალიაში შეჭრილიყო. მეფეც დიდი სიამოვნებით დათანხმდა და ასე დაიწყო იტალიური ომები, რომელიც ექვსი ათეული წელი გაგრძელდა.

იტალია 1494 წ.

1494–1521 წლებში სამი დიდი კონფლიქტი მოხდა, რის შედეგადაც ესპანეთმა სამხ. იტალია, ნეაპოლი დაიპყრო, ხოლო საფრანგეთმა – მილანის საჰერცოგო. 1515 წელს ფრანსუა I  საფრანგეთის მეფე გახდა, ხოლო მომდევნო წელს კარლ V ჰაბსბურგი ესპანეთის მეფედ ეკურთხა და 1519 წელს იგი გერმანიის საღვთო რომის იმპერატორიც გახდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საფრანგეთი ჰაბსბურგთა ალყაში მოექცა. ომი გარდაუვალი გახდა. 1522 წელს კარლის არმიებმა მილანი აიღეს და ფრანჩესკო სფორცა დასვეს ჰერცოგად. 1524 წელს ფრანგთა მეფე ფრანსუა პირადად გაუძღვა თავის ჯარს და იტალიაში შევიდა. მან ალყა შემოარტყა ქალაქ პავიას, სადაც ჰაბსბურგთა ესპანური გარნიზონი იდგა, და ზარბაზნებით დაიწყო მისი დაბომბვა. გარკვეული დროის შემდეგ, გალავნის ნაწილი დაინგრა და ფრანგები ქალაქში შეიჭრნენ, მაგრამ დამარცხდნენ და ათასი კაცი დაკარგეს. ფრანსუამ დროებით უკან დახევა ბრძანა, მაგრამ ალყა გრძელდებოდა. ამასობაში კოკისპირული წვიმა წამოვიდა და ზარბაზნებს ვეღარ იყენებდნენ. ფრანგთა მეფე მაინც არ ცხრებოდა და ალყას აგრძელებდა იმ იმედით, რომ ალყაში მოქცეულებს სურსათი გამოელეოდათ. თუმცა, 1525 წლის იანვარში ესპანელებს დამხმარე ძალები მოუვიდათ და ფრანგებს მოადგნენ უკნიდან. სასტიკ ბრძოლაში ფრანგები განადგურდნენ და ფრანსუა ტყვედაც კი ჩავარდა.

ბრძოლა პავიასთან 1525 წ.

ფრანსუა იძულებული გახდა დაეთმო კარლისთვის მილანისა და ბურგუნდიის საჰერცოგოები. ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, ფრანსუამ გადათქვა თავისი პირობა და ომი განაახლა, რომელიც შემდეგ მისმა მემკვიდრემ ანრი II-მ განაგრძო. ხანგრძლივმა ომმა ფინანსურად გამოფიტა მებრძოლი მხარეები და 1559 წელს ზავი დაიდო, რის შედეგად საფრანგეთი გაძევებულ იქნა იტალიიდან, რომლის ჩრდ. და სამხ. ნაწილში დიდი ხნით გაბატონდა ესპანეთი. იტალია პოლიტიკურად დაქუცმაცებული დარჩა.




ბიბლიოგრაფია:

1. Oman, Charles. A History of the Art of War in the Sixteenth Century. 1937.
2. Taylor, Frederik Lewis. The Art of War in Italy. 1494 - 1529. Westport, Conn.: Greenwood Press. 1973.

28 February 2020


არაბეთის გამუსლიმების შემდეგ სახალიფომ უამრავი დაპყრობითი ომი აწარმოა და კოლოსალური იმპერია შექმნა, რომლის ერთ–ერთი მთავარი სამიზნე იყო ბიზანტიის იმპერია.

636 წლის იარმუკის ბრძოლის შემდეგ სახალიფომ სირია დაიპყრო. 642 წელს მუსლიმებმა ბიზანტიას ეგვიპტეც წაართვეს. პარალელურად არაბები სასანიანთა სპარსეთსაც ებრძოდნენ და მალე მთლიანად "გადაყლაპეს" კიდეც. არაბებმა კავკასიაც დაიპყრეს და ამით ბიზანტიის ერთადერთ მეზობლებად იქცნენ ახლო აღმოსავლეთში. 

არაბები ანატოლიის სიღრმეში შეჭრას კარგად ვერ ახერხებდნენ, ამიტომ მათ საზღვაო ფლოტი შექმნეს სირიასა და ეგვიპტეში. 654 წელს მუსლიმებმა როდოსისა და კვიპროსის კუნძულები დაიპყრეს. იმავე წელს სირიის გამგებელმა მუავიამ თავდასხმები დაიწყო ანატოლიაზე. ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტი II-მ არაბთა ფლოტის განადგურება სცადა, მაგრამ მწარედ დამარცხდა 655 წელს. ერთი წლის შემდეგ ხალიფა ოსმანი შეთქმულებმა მოკლეს და მუავია სასწრაფოდ სირიაში დაბრუნდა. იგი სამოქალაქო ომის ერთ–ერთი აქტიური მონაწილე იყო და 661 წელს ხალიფა ალის მკვლელობის შემდეგ თვითონ გახდა ხალიფა და ომაიანთა დინასტია დააარსა. სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ბიზანტიელებმა დრო იხელთეს და კუნძული როდოსი დაიბრუნეს. 

ბიზანტიური მხედრობა

მუავია კონსტანტინოპოლის ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა და 673 წელს არაბებმა როდოსი კვლავ დაიპყრეს. მუსლიმებმა ასევე ქალაქი სმირნა დაიკავეს მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე. 674–678 წლების მოვლენები საკმაოდ ბუნდოვანია. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ბიზანტიის დედაქალაქი გამუდმებულ ალყაში იყო. ზოგიერთი წყარო კი ამბობს, რომ ეს მხოლოდ რეიდები იყო. ფაქტი კი ის არის, რომ ბიზანტიელებმა პირველად სწორედ ამ დროს გამოიყენეს სახელოვანი "ბერძნული ცეცხლი" არაბთა ფლოტის წინააღმდეგ. ეს საიდუმლო იარაღი, სავარაუდოდ, შედგებოდა ასფალტში არეული ნავთის, გოგირდის, ფისისა და დაუშლელი კირისგან. 

ბიზანტიელები "ბერძნული ცეცხლით" ამარცხებენ არაბთა ფლოტს

678 წელს ბიზანტიელებმა მცირე ჯარი გადასხეს სირიაში, რამაც ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობის აჯანყება გამოიწვია მუსლიმთა წინააღმდეგ. სახალიფო იძულებული გახდა ზავზე მოეწერა ხელი, რომელიც მომდევნო წელს გაფორმდა.

ამ პერიოდში ევრაზიის სტეპებში ცხარე ბრძოლა მიმდინარეობდა ბულგარებსა (პროტო–ბულგარელები) და ხაზარებს შორის, რომელიც ბულგართა მარცხით დასრულდა და დასავლეთით ბიზანტიის მიმართულებით დაიწყეს მიგრირება. მათი ბელადი იყო ასპარუხ ხანი, რომლის მეთაურობით ბულგარები დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ. ეს მოხდა დაახლოებით 674 – 678 წლებში. ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე IV-მ ძლიერი არმია შეკრიბა და ამ ახალი საფრთხის წინააღმდეგ დაიძრა, მაგრამ სამხედრო ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა და ბულგართა მრავალრიცხოვანმა მხედრობამ მარცხი აგემა ბიზანტიელებს. მალე ზავიც დაიდო, რომლის თანახმად იმპერატორმა ცნო ბულგართა ახალი სახელმწიფო.

685 წელს კონსტანტინე იუსტინიანე II-მ ჩაანაცვლა. ახალი იმპერატორი ძალიან ამბიციური პიროვნება იყო და 687 წელს მან წარმატებული კამპანიები აწარმოა ბულგართა და სლავთა წინააღმდეგ. 692 წელს იგი სახალიფოს დაესხა თავს, მაგრამ დამარცხდა სებასტოპოლისთან ბრძოლაში კილიკიაში. 695 წელს იუსტინიანე ტახტიდან ჩამოაგდეს და დაიწყო ოცწლიანი ანარქია იმპერიაში, რომლის დროსაც ექვსი იმპერატორი გამოიცვალა. სახალიფო კი ამ დროს კიდევ უფრო ძლიერდებოდა და სწორედ ამ დროს დაიპყრეს არაბებმა ჩრდილოეთ აფრიკა და ესპანეთი. ისინი ანატოლიაშიც გამუდმებულად ლაშქრობდნენ და აშკარა იყო, რომ მალე კონსტანტინოპოლის ჯერი დადგებოდა. იმპერატორი თეოდოსიუს III კარგად ხვდებოდა რა საფრთხეც ელოდა და 716 წელს კავშირი შეკრა ბულგარებთან და დედაქალაქის დასაცავად მოემზადა. თუმცა ამ დროს იმპერატორს ანატოლიური თემის სტრატეგოსი ლეონი აუჯანყდა. იგი არაბებს იმასაც კი დაპირდა, რომ მათი მოკავშირე გახდებოდა, როცა იმპერატორის ტახტს დაიკავებდა.


კონსტანტინოპოლის გალავანი

თეოდოსიუსს არ სურდა ახალი სამოქალაქო ომის დაწყება და ტახტიდან გადადგა. ლეონ III-მ მშვიდობიანად დაიკავა ტახტი და არაბებთან დადებული პირობა დაარღვია. ხალიფა სულეიმანმა თავის ძმას მასლამა იბნ აბდულ მალიქს უზარმაზარი ლაშქარი და ფლოტი ჩააბარა და კონსტანტინოპოლის დაპყრობა უბრძანა. ლეონიც გამალებული ემზადებოდა საომრად. მან ბულგარეთშიც გაგზავნა დესპანები დახმარების სათხოვნელად. არაბებმა ჰელესპონტის სრუტე (ახლანდელი დარდანელი) გადალახეს და კონსტანტინოპოლს მიადგნენ. ქალაქი კარგად იყო გამაგრებული. ქალაქის აღების იმედი უფრო მეტად ზღვის მხრიდან ჰქონდა მტერს, რადგან იქ გალავანი შედარებით უფრო სუსტი იყო, ვიდრე ხმელეთის მხრიდან. ქალაქი სრულ ალყაში მოექცა. ბიზანტიელებმა აქაც გამოიყენეს ცნობილი "ბიზანტიური ცეცხლი" და ბევრი ხომალდი ჩაუძირეს არაბებს, რამაც საკმაოდ დიდი მორალური დარტყმა მიაყენა მუსლიმებს. ამ დროს ბულგართა 15 000–იანი ლაშქარიც გამოჩნდა ჰორიზონტზე ტერველ ხანის მეთაურობით. მუსლიმთა ჯარი რიცხობრივად კი აღემატებოდა ბიზანტიელებსა და ბულგარებს, მაგრამ არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამასობაში ცივი ზამთარი დადგა. არაბებისთვის ასეთი კლიმატი ძალიან მძიმე აღმოჩნდა და მალე შიმშილმა იფეთქა მათ ბანაკში, რასაც მერე ეპიდემიები მოჰყვა. გაზაფხული რომ დადგა, ხალიფამ დამხმარე ძალები გამოგზავნა მასლამასთან, თუმცა ამანანც ვერ გააუმჯობესა მუსლიმთა მდგომარეობა. ლეონმა კიდევ მრავალი ხომალდი დაუწვა მასლამას და ის დამხამარე ჯარიც გაანადგურა, რომელიც ანატოლიიდან იყო მოსული. ბულგარებმაც ისახელეს თავი. 718 წელს მასლამას ხალიფას ბრძანება მიუვიდა, რომ ალყა მოეხსნა. ცამეტთვიანი ალყის შემდეგ არაბებმა უკან დახევა დაიწყეს. ამ პროცესის დროსაც ბევრი არაბი დაიხოცა. ზოგი ბულგართა და ბიზანტიელთა ხელით, ზოგიც ქარიშხლის წყალობით.

არაბებისთვის ეს კამპანია ნამდვილი კრახი იყო. აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში შეჭრის ოცნება დაემსხვრათ და კონსტანტინოპოლზე თავდასხმა აღარასდროს უცდიათ. ომაიანთა დინასტიამ პრესტიჟი და საუკეთესო მეომრები დაკარგა, რამაც საშუალება მისცა აბასიანებს, სამი ათეული წლის შემდეგ ძალაუფლება ჩაეგდოთ ხელში. მუსლიმთა სამყარო სამუდამოდ დაიშალა და აღარასდროს გაერთიანებულა.




ბიბლიოგრაფია:

1. Haldon, John (2002) Byzantium at War 600 - 1453. Osprey.
2. Mango, Cyril (2002). The Oxford History of Byzantium. Oxford. Oxford University Press.

21 February 2020


მე–8 საუკუნეში აბასიან არაბთა სახალიფო და ტანის ჩინური დინასტია თავიანთ ტერიტორიებს აფართოებდნენ შუა აზიის მიმართულებით. შედეგად ეს ორი იმპერია ერთმანეთს გაუმეზობლდა, რაც ტალასის ბრძოლით დაგვირგვინდა 751 წელს. ეს კონფლიქტი ბევრისთვის არ არის ცნობილი და საკმაოდ მივიწყებული ისტორიული მოვლენაა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი იყო რეგიონისთვის და ასევე მსოფლიოს ისტორიული მოვლენების განვითარებისთვის. 

ტანის დინასტია ჩინეთში 618 წელს გაბატონდა და თითქმის ეგრევე დაიწყო დასავლეთის მიმართულებით გაფართოება. 630 წლისთვის ჩინელებმა აღმოსავლეთ თურქთა სახაკანო დაიმორჩილეს, რომელიც დღევანდელ მონღოლეთში მდებარეობდა. 657 წელს კი შუა აზიის დასავლეთ თურქთა სახაკანოც "შთანთქეს". რეგიონის სხვა მრავალი პოლიტიკური წარმონაქმნები ჩინეთის ვასალებად იქცნენ. 715 წლისთვის ჩინეთის გავლენა კასპიის ზღვას აღწევდა.


ჩინეთის იმპერია (ტანის დინასტია)

ამასობაში ახლო აღმოსავლეთში არაბებმა შექმნეს უზარმაზარი იმპერია, რომელიც ესპანეთიდან შუა აზიამდე და არაბეთიდან კავკასიამდე იყო გადაჭიმული. შუა აზიაში არაბთა სახალიფო, ძირითადად, თურქმანულ ტომებს ებრძოდა. 715 წლისთვის ეს ორი იმპერია აბრეშუმის გზას აკონტროლებდა, რის გამოც კონფლიქტი გარდაუვალი გახდა. პირველი შეტაკებები იმავე წელს მოხდა, რომელიც მუსლიმთა მარცხით დამთავრდა. იგივე მოხდა ორი წლის შემდეგაც. ამ დროს არაბთა სახალიფოში ჯერ კიდევ ომაინთა დინასტია ბატონობდა, ხოლო 750 წელს ისინი აბასიანებმა შეცვალეს.

აბასიანთა სახალიფო

როგორც ჩანს ჩინელებმა იცოდნენ სახალიფოს დინასტიური ომის შესახებ და შუა აზიის დამორჩილება სცადეს. 750 წელს ჩინელმა სარდალმა გაო სიანგშიმ ტაშკენტი დაიკავა. ქალაქის მმართველმა დასახმარებლად არაბებს მოუხმო. ადგილობრივი მუსლიმი სარდალი ზიად იბნ საიდი სამარყანდიდან დაიძრა მდინარე ტალასისკენ. გაო ნელ–ნელა უკან იხევდა და თან მოკავშირეებს კრებდა. 751 წელს მოწინააღმდეგეთა არმიები ერთმანეთს შეხვდნენ დღევანდელი ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვართან.

ჩინელთა ლაშქარი ძირითადად ქვეითი მეომრებისგან შედგებოდა, ხოლო არაბთა არმიაში ქვეითების გარდა მრავალრიცხოვანი მხედრობაც იყო. არაბებმა მძლავრი შეტევები წამოიწყეს ჩინელებზე და სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა. მოულოდნელად ჩინელთა ზურგში თურქმან კარლუკთა ძალებმა დაიწყეს შეტევა, რომლებიც მოკავშირეებად ახლდნენ ჩინელებს, მაგრამ ამ ბრძოლისას არაბთა მხარეს გადავიდნენ. ჩინელთა ლაშქარი პირწმინდად განადგურდა, მაგრამ არაბებმაც მრავალი ათასი მეომარი დაკარგეს. ჩინეთის იმპერატორმა ახალი ჯარი გაგზავნა შუა აზიაში არაბთა წინააღმდეგ, მაგრამ 755 წელს ჩინეთში აჯანყებები დაიწყო და ეს ჯარიც იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო.


მდინარე ტალასი


ამ ბრძოლის შედეგი ის იყო, რომ შეწყდა ჩინეთის ექსპანსია დასავლეთით მიმართულებით. არაბებმა ვეღარ შეძლეს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოება. ასევე შუა აზიაში თურქულ ტომებში ისლამის გავრცელება დაიწყო, რასაც მომდევნო საუკუნეებში თურქ–სელჩუკთა აღზევება მოჰყვა, წმინდა მიწის დაპყრობა მათ მიერ. ჯვაროსნული ლაშქრობები, ბიზანტიის დაცემა, თურქ–ოსმალთა აღზევება და რაც მთავარია ქაღალდის ტექნოლოგიის საიდუმლოს ათვისება არაბთა მიერ, რომელიც, თავის მხრივ, მთელს ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში გავრცელდა.

ჩინური ქაღალდის შექმნის პროცესი




ბიბლიოგრაფია:

1. Chaliand Gerard (2004). Nomadic Empires: From Mongolia to the Danube.
2. Lewis, Mark Edward (2009). China's Cosmopolitan Empire: The Tang Dynasty. 

13 February 2020



მანაზკერტის ბრძოლა მოხდა 1071 წელს, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა მსოფლიოს ისტორიული პროცესების განვითარებაში.

შუა საუკუნეებში ბიზანტიის იმპერიას ხშირად უხდებოდა მომთაბარეებთან ბრძოლა, მაგრამ ეს სულ სხვა სიტუაცია იყო. თურქ–სელჩუკები (ასე ეწოდათ თავიანთი ბელადის სახელის მიხედვით) შუა აზიის მომთაბარე ხალხი იყო, რომლებმაც მე–11 საუკუნის დასაწყისში ისლამი მიიღეს. 1040 წელს, მრავალი ბრძოლის შედეგად მათ დაამარცხეს და დაიპყრეს ღაზნავიანთა სასულტნო, რომელიც დღევანდელი ირანისა და ავღანეთის უზარმაზარ ტერიტორიებს მოიცავდა. სელჩუკები ამით არ შეჩერებულან და გააგრძელეს დაპყრობითი ომები. შემდეგი 15 წლის განმავლობაში სულტან თოღრულ ბეგის მეთაურობით, მათ მთლიანად დაიპყრეს დღევანდელი ირანი და ერაყი. ბაღდადის ხალიფამ თოღრული აღმოსავლეთისა და დასავლეთის მბრძანებლად ცნო, ამით სელჩუკები სუნიტური ისლამის აგენტები გახდნენ. მალე თურქები ეგვიპტის ფატიმიანთა სახალიფოსა და ბიზანტიის იმპერიას გაუმეზობლდნენ, ხოლო ამიერკავკასიური ქვეყნები, მათ შორის საქართველოს სამეფო, ვასალებად გაიხადეს. 

თურქ–სელჩუკი მხედრები

1054 წელს თურქებმა პირველად დალაშქრეს ბიზანტიური ტერიტორიები, კერძოდ ტრაპიზონი. 1064 წელს ახალმა სულტანმა ალფ არსლანმა ბიზანტიას დიდი სომხური ქალაქი ანისი წაართვა. 1067 წელს სელჩუკებმა სასტიკად დაარბიეს ანტიოქია და ამით მათ გზა გაეხსნათ ანატოლიისკენ. ბიზანტიის იმპერატორი რომანოზ IV დიოგენე გამალებული ემზადებოდა თურქებთან საბრძოლველად და 1068 წელს იგი ქალაქ ცეზარიისკენ (დღევანდელი კაისერი თურქეთში) გაემართა. იქ იგი თურქთა ჯარის ნაწილს გადაეყარა და დაამარცხა. 

ბიზანტიელი მეომრები

1069 წელს სიტუაცია შეიცვალა, როცა სელჩუკთა ახალმა მძარცველმა რაზმებმა ბიზანტიის ტერიტორიები კვლავ მოარბიეს. რომანოზი მიხვდა, რომ ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა აღეკვეთა და დიდი ლაშქრის შეკრება დაიწყო. ამავე დროს ალფ არსლანი სირია–პალესტინაში ფატიმიანთა ეგვიპტეს ებრძოდა. სულტანი არ იყო დარწმუნებული, რომ ორ ფრონტზე ბრძოლას შეძლებდა. ამიტომ მან ელჩობა გაგზავნა ბიზანტიაში და იმპერატორს პირობა მისცა , რომ თურქთა რეიდები შეწყდებოდა. სამწუხაროდ, სულტანი ვერ აკონტროლებდა თავის ყველა ვასალ ტომს. ასე, რომ მცირე რეიდები კვლავ გრძელდებოდა.

რომანოზმა უზარმაზარი ჯარი შეკრიბა და 1071 წელს მან დესპანი გაგზავნა ალფ არსლანთან, რომ ზავი განეახლებინა. ალფ არსლანიც სიამოვნებით დათანხმდა. თუმცა რომანოზს მზაკვრული გეგმა ჰქონდა და სელჩუკთა წინააღმდეგ დაიძრა, რაც ალბათ იმას ნიშნავს, რომ მისი დესპანები სინამდვილეში ჯაშუშები იყვნენ, რათა ალფ არსლანის არმიის სიძლიერე შეეფასებინათ. რომანოზი ვანის ტბასთან მივიდა, სადაც ციხე–ქალაქი მანაზკერტი იყო. ეს ალფ არსლანმა რომ შეიტყო, სასწრაფოდ ახალი ომისთვის დაიწყო მომზადება. მალე ისიც ვანის ტბისკენ დაიძრა და იქვე დაბანაკდა. რომანოზს მანაზკერტი უკვე აეღო და ალფ არსლანისკენ წამოვიდა.

ბიზანტიელთა არმია მულტიეროვნული იყო. ცენტრში რომანოზმა ვარიაგები და სომხები ჩააყენა, რომლებსაც თვითონ სარდლობდა. ფლანგებზე ევროპელი, სირიელი და თურქმანი მოქირავნეები ეყენა, ხოლო ბიზანტიურ–ფეოდალური რაზმები რეზერვში იდგნენ.


ღულამი. სელჩუკთა არმიის ელიტა


სელჩუკთა ლაშქარი ნახევარმთვარის მწყობრით იდგა. შუაში თვითონ სულტანი ალფ არსლანი იდგა. ბიზანტიელები თურქთა ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმას ცდილობდნენ, მაგრამ თურქები თავს არიდებდნენ და მომთაბარულ მიხდომ–მოხდობის ტაქტიკას იყენებდნენ. თურქთა ცენტრი ნელ–ნელა უკან იხევდა, ხოლო ფლანგები ბიზანტიელების ალყაში მოქცევას ცდილობდნენ. საღამოსკენ რომანოზმა სულტნის ბანაკი ჩაიგდო ხელში, მაგრამ მალევე თავისივე ბანაკში დაბრუნება ბრძანა. იმპერატორის ბრძანებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და სიბნელეში მისი შტანდარტი ძირს დაეცა. სელჩუკებმა ეს მომენტი შესანიშნავად გამოიყენეს და მთელი ძალებით თავს დაატყდნენ ბიზანტიელთა მარჯვენა ფლანგს. ბიზანტიურ რეზერვთა რაზმებს მათი დახმარება ევალებოდათ, მაგრამ მათი სარდალი ანდრონიკე დუკა, რომლის ოჯახი იმპერატორს ექიშპებოდა, არ მიეშველა თანამოძმეებს, ხოლო ბიზანტიელთა მარჯვენა ფლანგი სრულიად განადგურდა. ბიზანტიელთა მარცხენა ფლანგი კი დარწმუნდა, რომ იმპერატორი ბრძოლაში დაიღუპა და მანაზკერტში დაბრუნდა. რომანოზი მარტო დარჩა თავის ცენტრთან ერთად და მამაცურად იბრძოდა თავის ვარიაგ მცველებთან ერთად. ბოლოს ერთმა რიგითმა სელჩუკმა ჯარისკაცმა ტყვედ აიყვანა იმპერატორი. წყაროები იუწყებიან, რომ სულტანი კეთილად ეპყრობოდა რომანოზს. მალე ზავი გაფორმდა, რის თანახმადაც ანტიოქია, ედესა და მანაზკერტი სელჩუკებს გადაეცათ. რამდენიმე დღეში ალფ არსლანმა დიდი ძღვენით გამოისტუმრა იმპერატორი, მაგრამ საიმპერიო ტახტი უკვე დაკავებული დახვდა მიხეილ VII დუკას მიერ. 1072 წელს, მცირე სამოქალაქო ომის შემდეგ რომანოზს თვალები დათხარეს და მალე ჭრილობებისგან  გარდაიცვალა. ალფ არსლანიც მალე გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრემ მალიქ–შაჰმა ძალიან მალე ანატოლიის უდიდესი ნაწილი დაიპყრო, რითაც რეგიონის გათურქების პროცესი დაიწყო. ამ ომებმა ბიზანტია დაღუპვის პირას მიიყვანა, რის შედეგადაც მალე ჯვაროსნული ომების ეპოქა დაიწყო.


თურქ–სელჩუკთა იმპერია ძლიერების ზენიტში





ბიბლიოგრაფია:

1. Nicolle, David. Manzikert 1071: The breaking of Byzantium. London. Osprey Pub. 2014.
2. Haldon, John (2001). The Byzantine Wars: Battles and Campaigns of the Byzantine Era.
3. Hillenbrand, Carole (2007). Turkish Myth and Muslim Symbol: The Battle of Manzikert. (Illustrated ed.) Edinburgh University Press.

7 February 2020



1025 წელს პოლონეთი დამოუკიდებელი სამეფო გახდა, რომლის მეფეც ბოლესლავ მამაცი იყო. იგი კათოლიკურად მოინათლა და პაპმა მისი სამფლობელო ლეგიტიმურ სამეფოდ ცნო. პოლონელები მალე გაქრისტიანდნენ, მაგრამ მათი მეზობელი ტომები ბალტიისპირეთში ჯერ კიდევ წარმართები იყვნენ. ისინი ევროპის უკანასკნელი წარმართები იყვნენ. ამის გამო ბალტიისპირეთი ჯვაროსნული ომების იდეალურ სამიზნედ იქცა. პაპ ინოკენტ III-ს თავისი გავლენის გავრცელება სურდა რეგიონში და 1204 წელს დღევანდელ ლატვიაში ლივონიის ორდენი შექმნა. ეს იყო ორგანიზაცია, რომელიც გერმანული წარმოშობის მეომარი ბერებისგან შედგებოდა, რომელთა მიზანიც წარმართთა გაქრისტიანება იყო. თუმცა ეს საკმარისი არ იყო და 1226 წელს პოლონელმა ჰერცოგმა კონრადმა ტევტონთა ორდენი მიიწვია პოლონეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ საზღვრების დასაცავად. ტევტონთა ორდენი იერუსალიმში დააარსდა 1143 წელს გერმანელი ჯვაროსნების მიერ. 1198 წელს იგი სამხედრო ორგანიზაციად იქცა ტამპლიერთა მიბაძვით. თუმცა წმინდა მიწაზე ჯვაროსანთა საქმე ცუდად იყო და როცა ტევტონებმა კონრადის მოწვევა მიიღეს, ისინიც სიამოვნებით დათანხმდნენ. 

ტევტონთა ორდენის რაინდები



ტევტონთა და ლივონიის ორდენებს წარმართთა მიწების დაპყრობა და მათი გაქრისტიანება თავიანთ წმინდა მოვალეობად მიაჩნდათ. ტევტონები პრუსიაში მოღვაწეობდნენ, ხოლო ლივონიის ორდენი ლიტვის სამთავროს ებრძოდა. 1236 წელს ლიტველებმა ეს ორდენი ისე სასტიკად დაამარცხეს, რომ ეს უკანასკნელი იძულებული გახდა ტევტონთა ორდენის ნაწილი გამხდარიყო, რათა გადარჩენილიყო. ტევტონთათვის ბალტიისპირეთთან დამაკავშირებელი გზა დაბლოკილი იყო ლიტვის მიერ. 

მე–14 საუკუნის ბოლოსთვის ლიტვა თითქმის მთლიანად იყო გაქრისტიანებული, ამიტომ ორდენის მისია პრობლემატური გახდა. ახლა ისინი უბრალო დამპყრობლებად იქცნენ. დაიძაბა ურთიერთობა პოლონეთთანაც, რომელიც ომში გადაიზარდა. ტევტონებმა პოლონეთს ჩრდილოეთ ტერიტორიები წაართვეს და ბალტიის ზღვაზე გასასვლელი მოუჭრეს. 

ტევტონთა ორდენი ძლიერების ზენიტში

1384 წელს პოლონეთის სამეფო ტახტზე ავიდა  11 წლის გოგონა, იადვიგა. პოლონელი არისტოკრატები ლიტვასთან კავშირს ლამობდნენ. ერთი წლის შემდეგ ლიტვის დიდმა მთავარმა იოგაილამ ცოლად მოიყვანა იადვიგა. მისი დინასტია ორასი წელი მართავდა პოლონეთს.

1409 წელს ტევტონთა დიდმა მაგისტრმა ულრიხმა ომი გამოუცხადა პოლონეთსა და ლიტვას. მისი მიზანი იყო, ჯერ პოლონეთი დაემარცხებინა და შემდეგ ლიტვა გაესწორებინა მიწასთან. მან უნგრეთისა და ჩეხეთის მეფეები მოისყიდა, რომ პოლონეთს დასხმოდნენ თავს. პოლონეთმა ლივონიის ორდენისგან ნეიტრალიტეტის პირობა მიიღო. პოლონეთის მეფე იოგაილა და ლიტვის დიდი მთავარი ვიტაუტასი ერთმანეთს შეხვდნენ, რათა ტევტონთა წინააღმდეგ გეგმები ჩამოეყალიბებინათ. მათ გადაწყვიტეს, ლაშქარი ჩრდილოეთ პოლონეთში შეეკრიბათ და ტევტონთა დედაქალაქს, მარიენბურგს დასხმოდნენ თავს, მაგრამ ტევტონებმა შეიტყვეს ეს ამბავი და ისინიც დაიძრნენ მტრის წინააღმდეგ.

მარიენბურგის ტევტონური ციხესიმაგრე

1410 წელს მოწინააღმდეგეთა არმიები ერთმანეთს ტანენბერგისა და გრიუნვალდის სოფლებს შორის შეხვდნენ. მემატიანეთა აზრით პოლონელებსა და ლიტველებს 39 000 ჯარისკაცი ჰყავდათ, ხოლო ტევტონებს – 27 000. ტევტონთა ჯარი ძირითადად გერმანელებისგან შედგებოდა, ხოლო პოლონურ–ლიტვური ლაშქარი საკმაოდ ჭრელი იყო. პოლონელებისა და ლიტველების გარდა იქ იყვნენ მოლდოველები, ჩეხები, რუსები, თათრები და ა.შ.
ტევტონები თავიანთ მტრებთან შედარებით ბევრად უკეთესად იყვნენ აღჭურვილნი, დისციპლინირებულნი და გაწვრთვნილნი.
ბრძოლა დაიწყო ლიტველთა მარჯვენა ფლანგის შეტევით, მაგრამ ტევტონთა მარცხენა ფლანგის მძიმე კავალერიამ მოიგერია მტერი და კონტრშეტევაზე გადავიდა. ლიტველებმა უკან დახევა დაიწყეს. ისტორიკოსები დღემდე ბჭობენ, ლიტველებმა მართლა ვერ გაუძლეს ტევტონთა შეტევებს, თუ ეს ცრუ უკანდახევა იყო. ასე იყო თუ ისე, მათ უკან დაიხიეს და ტევტონთა კავალერიაც დაედევნა მათ. იოგაილას პოლონურ არმიას უკეთ ჰქონდა საქმე და მეფემ ტევტონთა მარჯვენა ფლანგს უკან დაახევინა. თუმცა ლიტველებს დადევნებული ტევტონთა კავალერია უკან მობრუნდა და პოლონელთა ცენტრი ალყაში აღმოჩნდა, მაგრამ გაქცეული ლიტველებიც უკან დაბრუნდნენ და ტევტონებს ზურგიდან შეუტიეს. მალე ტევტონთა მთელი არმია ალყაში მოექცა და მათი დიდი მაგისტრი და თითქმის ყველა სამხედრო მეთაური ბრძოლის ველზე დაეცა. ორდენმა დაახლოებით 20 000 კაცი დაკარგა ამ ბრძოლაში. მოკავშირეებმა მარიენბურგი ალყაში მოაქციეს, მაგრამ მალევე უკან დაიხიეს, რადგან ლივონიის ორდენი ომით იმუქრებოდა და უნგრეთიდანაც მოსალოდნელი იყო თავდასხმა. ამიტომ მოკავშირეებმა მოლაპარაკება გამართეს ტევტონებთან და 1411 წელს ზავი დაიდო. ტევტონთა ორდენის ძლიერების ხანა წარსულს ჩაბარდა, რომელიც მე–16 საუკუნეში პრუსიის სამთავროდ გარდაიქმნა.




ბიბლიოგრაფია:

1. Christiansen, Erik (1997). The Northern Crusades. London.
2. Urban, Williams (2003). The Teutonic Knights: A Military History. . London.
3. Asbridge, T. The Crusades. (Ecco, 2011).

13 January 2020


732 წელს ფრანკებმა კარლოს მარტელის მეთაურობით არაბთა წინსვლა შეაჩერეს ევროპაში პუატიეს ბრძოლაში. ამის გამო, ხშირად ისინი ევროპის მხსნელებად არიან მიჩნეულნი. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, პირენეს ნ. კუნძულის მამაცი მოსახლეობა შეუპოვრად ებრძოდა მუსლიმ დამპყრობლებს უამრავი პრობლემის მიუხედავად და საუკუნეების განმავლობაში ნელ–ნელა ტერიტორიების დაბრუნება დაიწყეს, რაც რეკონკისტას სახელითაა ცნობილი.

არაბთა სახალიფომ ერთ საუკუნეზე ნაკლებ დროში უზარმაზარი ტერიტორიები დაიპყრო, რომელიც  შუა აზიიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე იყო გადაჭიმული. 708 წელს მუსლიმებმა დღევანდელი მაროკო დაიპყრეს. 711 წელს მუსლიმმა გენერალმა ტარიკმა გადალახა სრუტე, რომელსაც გიბრალტარი დაარქვეს, ანუ ტარიკის მთა და ესპანეთში შეიჭრა. ამ დროს ესპანეთში ვესტგოთთა სამეფო იყო, რომელიც რომის იმპერიის დაცემის დროიდან არსებობდა. 
მიუხედავად იმისა რომ ტარიკს მხოლოდ 12 000 მეომარი ჰყავდა, იგი ადვილად ამარცხებდა ვესტგოთთა არმიებს. 712 წელს ნახევარი ესპანეთი დაიპყრეს და დედაქალაქი ტოლედოც ჩაიგდეს ხელში. ვესტგოთთა სამეფო დაეცა და რამდენიმე წელიწადში მუსლიმებმა მთელი პირენეს ნახევარკუნძული დაიპყრეს ზოგიერთი მთიანი რეგიონის გამოკლებით. 

სახალიფოს მიერ ესპანეთის დაპყრობა


718 წელს ჩრდილოეთის მთიან რეგიონში ჩამოყალიბდა ასტურიის სამეფო. აქედან იწყება რეკონკისტას დაახლოებით 800 წლიანი ეპოქა. 
მუსლიმებმა თვალი მიაპყრეს ფრანკთა სამეფოს და რამდენჯერმე სცადეს დაპყრობა, მაგრამ მარცხი განიცადეს. 
750 წლისთვის ასტურიის მეფემ ალფონსო I–მა თავისი სამეფოს ტერიტორიების გაფართოება დაიწყო. ამ დროს სახალიფოს ომაიანთა დინასტია აბასიანებმა შეცვალეს. ომაიანთა ერთ–ერთმა უკანასკნელმა წარმომადგენელმა აბდულ რაჰმანმა ქალაქი კორდობა დაიკავა 765 წელს და დამოუკიდებლობა გამოაცხადა არაბთა სახალიფოსგან. ასე შეიქმნა მუსლიმური ესპანეთის კორდობას საამირო, შემდგომში სახალიფო.



IX საუკუნეში ასტურია ლეონის სამეფოდ იქცა, ხოლო მის აღმოსავლეთით წარმოიშვა ნავარის სამეფო. ეს ორი სამეფო ერთად ებრძოდა მავრებს (ასე უწოდებდნენ ესპანეთში მუსლიმებს). 939 წელს ლეონის მეფემ რამირო II–მ სიმანკას ბრძოლაში მავრთა დამარცხება მოახერხა. სამწუხაროდ ლეონში იმახანად არ იყო სტაბილური სიტუაცია და ეს გამარჯვება ვერ გამოიყენა. 

1031 წელს კორდობას სახალიფო დაიშალა პატარ–პატარა საამიროებად. ეს იდეალური მომენტი იყო ქრისტიანებისთვის ტერიტორიების დასაბრუნებლად. ნავარის მეფემ სანჩო III-მ გააერთიანა ნავარია, კასტილია და ლეონი, თუმცა სიკვდილის შემდეგ მისმა შვილებმა დაინაწილეს ტერიტორიები და გამუდმებული ომები ჰქონდათ ერთმანეთთან. 1077 წელს ლეონის მეფემ ალფონსო VI–მ კასტილია შემოიმტკიცა თავისი სახელოვანი გენერლის როდრიგო დიას დე ვივარის წყალობით, რომელიც ელ სიდის სახელითაც იყო ცნობილი. ზოგიერთი მუსლიმური საამირო იძულებულიც გახდა ხარკი ეძლია ლეონისთვის. 1084 წელს კი ალფონსომ უძელესი სატახტო ტოლედოც შეიერთა. ამ ფაქტმა დიდი განგაში გამოიწვია მავრებში და დახმარება სთხოვეს აფრიკაში მყოფ მუსლიმ ალმორავიდ ბერბერებს, რომლებიც გადმოვიდნენ ესპანეთში და მწარე მარცხი აგემეს ალფონსოს 1086 წელს საგრაჯასის ბრძოლაში. ალმორავიდებმა მთელ სამხრეთ ესპანეთზე გაავრცელეს თავიანთი ბატონობა, თუმცა გვიანი იყო. 1139 წელს პორტუგალიის სამეფო შეიქნმა ალფონსო I-ის მოთავეობით და 1147 წელს ქალაქი ლისბონიც შეიერთა. 

პირენეს ნ.კუნძული 1157 წლისთვის


1212 წელს მუსლიმთა უზარმაზარი ლაშქარი გადმოვიდა აფრიკიდან. რომის პაპმა ინოკენტ III-მ ჯვაროსნული ომი გამოაცხადა. ესპანეთის ქრისტიანი მეფეები ტოლედოში შეიკრიბნენ თავიანთი არმიებით. კოალიციის სათავეში ალფონსო VIII კასტილიელი იდგა. ბრძოლა მოხდა ლას ნავას დე ტოლოსასთან, რეკონკისტას ისტორიაში გადამწყვეტი ბრძოლა. თავიდან იგი მუსლიმთა წარმატებით დაიწყო. ალფონსო პანიკაშიც კი ჩავარდა, როცა მისი მეწინავე რაზმები მუსლიმთა მიერ ნადგურდებოდნენ, მაგრამ ქვეშევრდომთა და მოკავშირე მეფეთა დახმარებით გონება მოიკრიბა და კონტრშეტევაზე გადავიდა ცენტრით. ნავარის მეფემ სანჩომ კი თავისი რაზმით გარშემო შემოუარა ქრისტიანთა და მუსლიმთა ძალებს და პირდაპირ ხალიფას დაესხა თავს. გულგახეთქილმა ხალიფამ გაქცევა ამჯობინა. მისი დროშა რომ ვეღარ დაინახეს, მუსლიმები გატყდნენ და გაიქცნენ, ხოლო გამარჯვება ქრისტიანებს დარჩათ. ეს ბრძოლა გარდამტეხი ეტაპი იყო რეკონკისტასთვის. ამის შემდეგ მუსლიმები ვეღარ ახერხებდნენ სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას. ქრისტიანები კი ნელ–ნელა იბრუნებდნენ ძველ ტერიტორიებს და საბოლოოდ, 1492 წელს ერთიანი ესპანეთის სამეფოს მმართველებმა ფერდინანდ  II არაგონელმა და იზაბელა I კასტილიელმა მუსლიმთა უკანასკნელი ქალაქი ესპანეთში, გრანადა აიღეს და ამით დასრულდა მრავალსაუკუნოვანი რეკონკისტა ქრისტიანთა გამარჯვებით, რის შემდეგაც ესპანეთი მალე ზესახელმწიფოდ იქცა.

მავრული არქიტექტურა




ბიბლიოგრაფია:

1. Watt. W. Montgomery: A History of Islamic Spain. Edinburgh University Press (1992).
2. Watt. w. Montgomery: Influence of Islam on Medieval Europe. (Edinburgh 1972).
3. Lomax. Derek William. The Reconquest of Spain. Longman. London 1978. 
4. Nicolle, David and Angus McBride. El Cid and the Reconquista 1050 - 1492. (1988).

8 January 2020


ბიზანტიურ–არაბული კონფლიქტის პარალელურად მუსლიმები ასევე სასანურ სპარსეთსაც ებრძოდნენ. საუკუნეების განმავლობაში სასანიდები და რომი/ბიზანტია სისხლისგან ცლიდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ ამდენმა ომმა გამოფიტა ორივე იმპერია, რაც არაბთა ექსპანსიის წისქვილზე ასხამდა წყალს.

პირველი კონფლიქტი სასანიდებთან დაიწყო 633 წელს დღევანდელი ქუვეითის ტერიტორიაზე. არაბებმა, რომლებსაც ხალიდ იბნ ალ–ვალიდი სარდლობდა, რამდენჯერმე სძლიეს სპარსელებს, შემდეგ შაჰმა უფრო დიდი ლაშქარი გამოგზავნა მათ უკუსაგდებად. ხალიდს 10 000 ქვეითი და 5 000 მხედარი ჰყავდა 30 000 სპარსელის წინააღმდეგ. ბრძოლის წინ მან მხედრები შორს გაგზავნა და მტრის თვალს მოეფარა. სასანიდები ანკესს წამოეგნენ და მთელი ძალებით შეასკდნენ მუსლიმთა ქვეითებს. არაბებმა ნელ–ნელა უკანდახევა დაიწყეს და ალყაში მოექცნენ, მაგრამ ეს ყველაფერი გეგმის ნაწილი იყო. ამ დროს სპარსელებს უკნიდან ის მხედრები დაატყდნენ თავს, რომლებიც ბრძოლის წინ ხალიდმა შორს გაუშვა. ახლა თვითონ სასანიდები აღმოჩნდნენ ალყაში და სასტიკად დამარცხდნენ. 20 000 სპარსელი დაეცა ბრძოლის ველზე. 

სასანური მუზარადი


ხალიდმა დასავლეთის გეზით განაგრძო სვლა. შაჰმა კიდევ ექვსი არმია გაგზავნა მის წინააღმდეგ, მაგრამ ხალიდმა ყველა გაანადგურა. დღევანდელი ერაყი უკვე მუსლიმთა ხელში იყო.

636 წელს არაბთა ახალმა 38 000 კაციანმა ლაშქარმა თავი მოიყარა ერაყში ქალაქ ალ–ქადისიასთან საად იბნ აბი ვაქასის მეთაურობით. სასანიდთა დაახლოებით 70 000–იანი ჯარი და სპილოები რუსტამის მეთაურობით იქვე იყო დაბანაკებული მტრის მოლოდინში. 

სასანიანი კატაფრაქტი


მოწინააღმდეგეები სამი–ოთხი დღე ჩეხდნენ ერთმანეთს, რაც ბოლოს მაინც მუსლიმთა გამარჯვებით დასრულდა. დაახლოებით 10 000 არაბი დაეცა ბრძოლის ველზე, ხოლო დახოცილ სპარსელთა რიცხვი                   25 000–ს აღწევდა. მალე სპარსელთა სატახტო ქტესიფონიც დაეცა. არაბულ–სპარსული ომი 654 წლამდე გაგრძელდა. სასანიდი გენერლები და პოლიტიკოსები ძალიან ცდილობდნენ ძლიერი წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ უკვე განწირულები იყვნენ და გვიანი იყო. ალ–ქადისიას ბრძოლამ მთელი იმპერიისა და ახლო აღმოსავლეთის ბედი გადაწყვიტა.

არაბთა სახალიფო 654 წლისთვის





ბიბლიოგრაფია:

1. Bashear, Suliman (1997). Arabs and Others in Early Islam. Darwin Press.
2. Daniel, Elton (2001). The History of Iran. Greenwood Press.
3. Donner, Fred (1981). The Early Islamic Conquests. Princeton.
4. Morony, M (1987). "Arab Conquest of Iran". Encyclopaedia Iranica.

6 January 2020



სანამ ბიზანტია და სასანიდური სპარსეთი ერთმანეთს სისხლისგან ცლიდნენ, სამხრეთში არაბეთის ნ. კუნძულზე მუჰამედი ქადაგებდა თავის ახალ რელიგიას ისლამს. 
630 წლისთვის მან წარმატებით გააერთიანა არაბეთის უდიდესი ნაწილი. 632 წელს მუჰამედი გარდაიცვალა და მისი ადგილი დაიკავა აბუ ბაქრმა, რომელიც ხალიფას სახელით (მოადგილეს, ნაცვალს ნიშნავს) მართავდა ქვეყანას. მან ეგრევე ავი მზერა მიაპყრო ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებს. არაბებმა სწრაფად დაიპყრეს აღმოსავლეთ სირია, დასავლეთ ერაყი, ცენტრალური იორდანია და პლაცდარმად გაიხადეს დაპყრობების შემდეგი ფაზისთვის. სირია–პალესტინაში ბიზანტია ბატონობდა. ისტორიულად ამ რეგიონს ძირითადად სპარსეთი ესხმოდა თავს აღმოსავლეთიდან, ამიტომ სამხრეთით დაცვის სისტემა საკმაოდ სუსტი იყო. 634 წელს აბუ ბაქრმა შეტევები დაიწყო სირია–პალესტინაზე. იმპერატორმა ჰერაკლემ სათანადოდ ჯერ კიდევ ვერ შეაფასა არსებული სიტუაცია და მხოლოდ ადგილობრივი გარნიზონი დატოვა რეგიონის დასაცავად. 

ბიზანტიელი მეომრები VII საუკუნეში 


არაბებმა ადვილად დაამარცხეს მოწინააღმდეგეთა მცირე ძალები და შეშფოთებულმა ჰერაკლემ ახლა უკვე ლაშქარი გამოგზავნა მათ წინააღმდეგ. არაბთა ძალებს სათავეში ედგა მაშინდელ მუსლიმთა შორის საუკეთესო გენერალი ხალიდ იბნ ალ–ვალიდი. მან რამდენჯერმე ზედიზედ დაამარცხა ბიზანტიელთა ძალები. ერთ–ერთ ბრძოლაში თვითონ ჰერაკლეც მონაწილეობდა. პალესტინა უკვე არაბთა ხელში იყო. ხალიდმა წინსვლა განაგრძო ჩრდილოეთისკენ და კიდევ დაამარცხა ჰერაკლეს ჯარები. 
იმავე წელს აბუ ბაქრი გარდაიცვალა და ახალი ხალიფა გახდა ომარი. 

636 წელს ხალიფამ განაახლა ექსპანსიური პოლიტიკა და ცენტრალური სირია დაიპყრო. ჰერაკლე კეისარს ამ დროისთვის ხუთი არმია ჰყავდა გამზადებული და პარალელურად სასანიდ შაჰ იეზდიგერდ III-ს შეუთანხმდა, რომ ერთდროულად შეეტიათ არაბებისთვის. სასანიდებმა ვერ მოახერხეს თავდასხმა, ამიტომ ჰერაკლემ მარტომ გააგრძელა ბრძოლა. 
მოწინააღმდეგები მდინარე იარმუკთან დაბანაკდნენ. 

ახლო აღმოსავლეთი არაბთა ექსპანსიის დასაწყისში


ბიზანტიური ლაშქრის მთავარსარდალი იყო სომეხი გენერალი ვაჰანი, არაბებს ისევ ხალიდ იბნ ალ–ვალიდი სარდლობდა. ბიზანტიელი მეომრები ტრადიციულად მძიმედ იყვნენ აღჭურვილი. არაბები კი ბევრად უფრო მსუბუქად იყვნენ შეიარაღებული, რაც მათ სისწრაფესა და მოქნილობას ანიჭებდა. ბრძოლა ექვს დღეს გაგრძელდა, რომელიც მუსლიმთა გამარჯვებით დამთავრდა. შემდეგი ორი ათწლეულის განმავლობაში არაბებმა ბიზანტიას ეგვიპტე და ჩრდილოეთ აფრიკა წაართვეს. რამდენჯერმე კონსტანტინოპოლსაც კი შემოარტყეს ალყა, თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ჯვაროსნები

ვიკინგები

ისლამური სამყარო