საქართველოს ისტორია

  იბერიის (ქართლის) სამეფო


უძველესი დროიდან იბერიის ტერიტორია დასახლებული იყო რამდენიმე მონათესავე თემის მიერ, რომელთაც ძველი ავტორები იბერებს უწოდებდნენ. ადგილობრივები კი – ქართლს, ლეგენდარული წინაპარი ქართლოსის მიხედვით. ადგილობრივი თემების კონსოლიდაციაში დიდი წვლილი მიუძღვით მოსხებს, იგივე მესხებს, და სასპერებს. ამ დასახლებებიდან მთავარი იყო მცხეთა ანუ მესხთა ქალაქი, რომელიც შემდგომში იბერიის დედაქალაქი გახდა. სამეფოს დამაარსებელია მცხეთელი წარჩინებული ფარნავაზ I, ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი (ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისი). ფარნავაზისა და მისი უახლოესი მემკვიდრეების დროს იბერიამ დიდ ძლიერებას მიაღწია და საკმაოდ ვრცელი სახელმწიფო გახდა.

ქართლის სამეფო ფარნავაზის დროს

 

 ძვ. წ. II საუკუნისა და I საუკუნის პირველ ნახევარში იბერია დასუსტდა და გაძლიერებულ სომხეთის სამეფოებთან ბრძოლაში ზოგიერთი ტერიტორია დაკარგა. ძვ. წ. 65 წელს იბერია დალაშქრა რომაელმა სარდალმა პომპეუსმა. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, იბერთა მეფე არტაგი ბოლოს და ბოლოს დამორჩილდა რომაელებს. მალე იბერია გათავისუფლდა რომზე დამოკიდებულებისგან და მათ შორის მოკავშირეობითი ურთიერთობა დამყარდა. ახ. წ. I-II საუკუნეებში იბერია კვლავ გაძლიერდა და რომის მეტოქედაც კი გამოდიოდა ამიერკავკასიაში. იბერიამ მოახერხა მთლიანად დაებრუნებინა ადრე სომხეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები და I საუკუნის 30–50–იან წლებში (მეფე ფარსმან I-ისა და მისი ვაჟის რადამისტის დროს) მცირე ხნით სომხეთსაც დაეუფლა.

II საუკუნის 30–50–იან წლებში, ფარსმან II ქველის დროს, როდესაც იბერიის ძლიერებამ ზენიტს მიაღწია, რომთან ურთიერთობა დაიძაბა. ფარსმანმა მრავალჯერ უარი შეუთვალა იმპერატორ ადრიანეს მიწვევაზე და მხოლოდ მისი მემკვიდრის – ანტონინუს პიუსის დროს მოინახულა რომი ოჯახითა და დიდი ამალით. იბერიელ სტუმრებს იმდენად მოუხიბლავთ რომაელები, რომ იმპერატორს რომში ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკებაც დაუდგამს. ასევე უცვნია იბერიის სამეფოს საზღვრები.

ფარსმან II ქველის რელიეფი


ამ დროს იბერია დიდი წარმატებით ებრძოდა პართიის იმპერიასაც, თუმცა მდგომარეობა შეიცვალა III საუკუნიდან, როდესაც ირანში ძალაუფლება სასანიანთა დინასტიის ხელში გადავიდა. სასანური ირანი უფრო ძლიერი და ცენტრალიზებული სახელმწიფო იყო, ვიდრე არშაკიკიდების პართია. შაჰ შაპურ I-ის (242–272 წწ) დროს იბერია იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ერთ–ერთ სპარსულ წყაროში იბერიის მეფე ამაზასპი იმპერიის ერთ–ერთი უმაღლესი დიდებულია. მოსაზრება მისი ირანული ორიენტაციის შესახებ "ქართლის ცხოვრებაშიც" დასტურდება, სადაც წერია, რომ ამაზასპმა "შეიყვარა სპარსელები". ამავე წყაროს მიხედვით, იგი სპარსელთა დახმარებით რომაელებს ებრძვის, მაგრამ მარცხდება და თავადაც იღუპება. 

298 წელს რომაელებთან მორიგი წარუმატებელი შეტაკების შემდეგ, სპარსელები იძულებულები გახდნენ ზავი დაედოთ ქ. ნისიბინში, რომლის მიხედვით იბერია და სომხეთი რომის პროტექტორატები გახდნენ. 

IV საუკუნის დასაწყისში, ქართლის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. რომის იმპერიის ცენტრის აღმოსავლეთში გადატანამ გამოიწვია რომაელთა გააქტიურება ამ მხარეში. სპარსელებმაც ენერგიული შემოტევები დაიწყეს შაპურ II-ის (310–379 წწ.) დროს. იბერია არჩევანის წინაშე დადგა. მისთვის უფრო დიდ საფრთხეს მაინც სპარსეთი წარმოადგენდა. შედეგად, იბერია რომის ორიენტაციას დაადგა, რაც სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებაშიც გამოიხატა. 

V საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მეფობაში, ქართლის სამეფოს შემადგენლობაში დასავლეთ საქართველო და სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ნაწილიც შევიდა. თუმცა ირანელთა წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება მარცხით დასრულდა და მეფე ვახტანგიც გმირულად შეეწირა ამ ომს. 523 წელს, გურგენ მეფის აჯანყების დამარცხების შემდეგ, შაჰ კავად I-მა ქართლში მეფობა გააუქმა. შაჰ ხოსრო I–ის (531–579 წწ.) დროს ირანი დაიყო 18 ქუსტაკად (ოლქად). ქუსტაკის სამოქალაქო ხელისუფალი იყო პადოსპანი, ხოლო სამხედრო – სპასპეტი. ქუსტაკები იყოფოდა შაჰრებად, რომლის გამგებელი იყო მარზპანი. ქართლის მარზპანის რეზიდენცია თბილისში მდებარეობდა.



ბიბლიოგრაფია:

1. ლორთქიფანიძე ო., ანტიკური სამყარო და ქართლის სამეფო (იბერია), თბ., 1968.

2. ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 1, თბ., 1965.

3. ჯანაშია ს., შრომები, ტ. 1–2, თბ., 1943–1952.

14 January 2021

 დიაოხი და კოლხა


დიაოხი.

დიაოხი ასევე დაიაენი და ტაოხი ქართველ ტომთა ძველაღმოსავლური ტიპის სახელმწიფოებრივი გაერთიანება იყო, რომელიც ძვ. წ. XII საუკუნეში ჩამოყალიბდა. ამ პერიოდში მას უხდებოდა დაპირისპირება ასურეთის იმპერიასთან, კერძოდ ტიგლათფილესერ I-თან (ძვ. წ. 1115 – 1077). ამას მოწმობს ძვ. წ. 1112 წლით დათარიღებული წარწერა, რომელშიც ტიგლათფილესერ I იხსენიებს "60 მეფის გაერთიანებას", ანუ ტომთა ბელადებს. 

დიაოხის სამეფო ძვ. წ. XII ს.


მართალია, ტიგლათფილესერის გარდაცვალების შემდეგ ასურეთი დასუსტდა, მაგრამ დიაოხს ახალი მეტოქე გამოუჩნდა ურარტუს სახით. დიაოხის მეფემ ასიამ და ასურეთის მეფემ სალმანასარ III-მ კოალიცია შექმნეს ურარტუს წინააღმდეგ ძვ. წ. IX საუკუნის ბოლოს, მაგრამ ძვ. წ. VIII საუკუნის დასაწყისში ურარტუმ დაამარცხა ასურეთი და დიაოხი მარტოდმარტო აღმოჩნდა მტრის წინააღმდეგ. დიაოხი ჯერ მეფე მენუამ (ძვ. წ. 810 – 786) დაამარცხა და დახარკა, რომელზეც ჩვენ მისი ერთ–ერთი წარწერიდან ვიგებთ, სადაც მენუა უტუფურსს იხსენიებს, ხოლო დიაოხს ძლიერ ქვეყანას უწოდებს. ამავე უტუფურსს მენუას ძის – არგიშთის (ძვ. წ. 786 – 764) წინააღმდეგაც უწევს ბრძოლა. მალე დასუსტებული დიაოხი კოლხამ შეიერთა. ამ ფაქტს ადასტურებს არგიშთი I-ის მემკვიდრის სარდურ II-ის წარწერა, სადაც დიაოხი აღარ იხსენიება.

კოლხა.

კოლხა, იგივე კოლხეთის სამეფო (მოგვიანებით ცნობილი, როგორც ეგრისი/ლაზიკა) ერთ–ერთი უძველესი სამეფო იყო შავი ზღვისპირეთში. კოლხებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქართველი ხალხის ეთნიკურ და კულტურულ ფორმირებაში. ბერძნულ მითოლოგიაში კოლხეთი იყო აიეტისა და მედეას სამშობლო, სადაც ლეგენდარული ოქროს საწმისი ინახებოდა. 
კოლხურ ტომთა გაერთიანებას ვარაუდობენ ძვ. წ. XIII საუკუნეში. ეს დასტურდება ძველი ასურული წყაროებით და აგრეთვე არქეოლოგიური მასალებით. ძვ. წ. VIII საუკუნის ურარტულ წყაროებში იგი იხსენიება როგორც კოლხას სამეფო. სამეფო ქალაქად მოხსენიებულია ილდამუსა. ამავე პერიოდში მაღალ დონეზე იდგა მესაქონლეობა და რკინის მეტალურგია. 

კოლხეთის სამეფო


კოლხას ძლიერების ხანად მიჩნეულია ძვ. წ. VIII საუკუნე. ამ დროს კოლხამ შეიერთა ურარტუს ჩრდილოეთ ოლქები, მაგრამ დაკარგა რამდენიმე პროვინცია, მათ შორის ქალაქი ილდამუსა ძვ. წ. 750 – 748 და 744 – 742 წლებში, ურარტუს მეფე სარდურ II-სთან ბრძოლების შემდეგ. ძვ. წ. 730 – 720 წლებში კოლხასა და ურარტუს ნიაღვარივით გადაუარეს იმიერკავკასიიდან შემოჭრილმა მომთაბარე კიმერიელებმა და სკვითებმა. ამ მოვლენამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს წინაპრებზე, რომ ზოგიერთის აზრით, კიმერიელისგან წარმოსდგა სიტყვა "გმირი". 
კოლხას დაცემის შემდეგ კოლხური ტომების ერთი ნაწილი სამხრეთ–აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ახლანდელი ტრაპიზონის მიდამოებში დამკვიდრდა, ხოლო პოლიტიკურმა ცენტრმა გადაინაცვლა ჩრდილოეთით, დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ძვ. წ. VII - VI საუკუნეში ჩამოყალიბდა ახალი ძლიერი დამოუკიდებელი კოლხეთის სამეფო, რომელსაც ჰეროდოტე ახლო აღმოსავლეთის დიდი მონარქიების მიდიისა და აქემენიდური სპარსეთის გვერდით იხსენიებდა. 

კოლხური ოქრო

კოლხების მიერ დამზადებული ოქროს ორნამენტები

კოლხური ოქროს ყელსაბამი




ბიბლიოგრაფია:
1. ლორთქიფანიძე, ო. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980 – გვ. 596 – 597.
2. გიორგი ქავთარაძე. დაიაენი/დიაუხის ქვეყნის უძველესი "სამეფო ქალაქის" ლოკალიზაციისთვის. ქართველური მემკვიდრეობა. IX, 2005. გვ. 371 – 381.
3. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1. თბილისი. 1970.
4. ლორთქიფანიძე, ო. ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი. თბილისი. 1966.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ჯვაროსნები

ძველი საბერძნეთი და მაკედონია